გამოცდილი მოთამაშის წარმატებული დებიუტი - გიორგი ივანიშვილმა ფუტსალში გადაინაცვლა
გამოცდილი მოთამაშის წარმატებული დებიუტი - გიორგი ივანიშვილმა ფუტსალში გადაინაცვლა

ცნობილმა ფეხბურთელმა, გიორგი ივანიშვილმა ფუტსალში გადაინაცვლა და ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „თბილისში“ ჩაირიცხა, რომელსაც პირველივე შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა.

ფუტსალის ლიგის მე-5 ტურში „თბილისმა“ „თელასი-ჯორჯიანსთან“ პირველი ნახევარი 1:4 წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება შემოატრიალა და 5:4 მოიგო.

გამარჯვების მომტანი გოლი გიორგი ივანიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი 31 წლისაა და შვეიცარიაში იზრდებოდა. ის წლების განმავლობაში შვეიცარიისა და საქართველოს სხვადასხვა კლუბში ასპარეზობდა – იზრდებოდა „ციურიხის“ საფეხბურთო სკოლაში და პროფესიული კარიერაც ამ კლუბში დაიწყო. ასევე თამაშობდა „ვოლენში“, „შაფჰაუზენში“, „ბელინცონაში“.

გიორგი 2014 წელს საქართველოში დაბრუნდა და ცხინვალის „სპარტაკში“ ჩაირიცხა. ამის შემდეგ, მცირე ხნით, ფეხბურთს ტრავმის გამო შეეშვა და თბილისში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში მუშაობდა. თამაშობდა საჩხერეს „ჩიხურაში“, „დინამო თბილისში“, ბოლნისის „სიონში“, ბოლო სეზონი კი ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა. შემტევი ნახევარმცველი იყო საქართველო 19 და 21 წლამდელთა ნაკრებების წევრი. გიორგი ივანიშვილმა ფეხბურთიდან ფუტსალში წელს გადმოინაცვლა და „თბილისში“ ჩაირიცხა.