გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს კონსულტაციებს სთავაზობს
გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს კონსულტაციებს სთავაზობს

გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის 25 000 აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 20 000 პრაქტიკოსი, მოქმედი მასწავლებელია, ხოლო 5 000 მასწავლებლობის მსურველი.

„პირველივე დღიდან აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ მასწავლებლები დადებითად გამოეხმაურნენ სახელმწიფოს შეთავაზებას მინიმალური კომპეტენციის დადასტურებაზე. მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს მინდა, შევახსენო, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე ერთი დღეა დარჩენილი“, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს არჩევანი აქვთ.

„გამოცდაზე დარეგისტრირება ნებაყოფლობითია. მათ შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ და ან ჯილდო მოითხოვონ ორი წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო ან გამოცდაზე გავიდნენ და მინიმალური კომპეტენცია დაადასტურონ. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლისა და შედეგების გაგების შემდეგ. ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან. მართალია, ისინი დარეგისტრირდნენ გამოცდისთვის, მაგრამ გადაიფიქრეს და რეგისტრაციის გაუქმება სურთ, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და გამოცდაზე გასვლა აღარ უნდათ. სამწუხაროდ ასე მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ რეგისტრაციის გაუქმებას ვერ ვახერხებთ. ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ თუ რეგისტრაციის გაუქმება უნდათ, ვებგვერდზე ძალიან მარტივი განაცხადის ფორმა დევს. ეს ფორმა შეავსონ, რესურსცენტრს მიაწოდონ, ამის შემდეგ რესურსცენტრი ჩვენ მოგვაწოდებს და რეგისტრაციას გავუუქმებთ. თავად ჯილდოს რეგისტრაცია ჩვენთან არ ხდება. ამის შესახებ სკოლას და რესურსცენტრს უნდა მიმართონ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია გამარტივებული ფორმატით მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.​

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

• მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
• პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ასევე მათ, ვისაც აქვთ სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
• მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრაციის დროს არ ხდება სტატუსის გადამოწმება, შესაბამისად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუმცა შედეგების გამოყენებას მასწავლებლობის მიზნებისათვის ის მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციას მოიპოვებს და შესაბამის პროცედურებს გაივლის“, – აღნიშნავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.