გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი - საგამოცდო სისტემის ცვლილების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის
გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი - საგამოცდო სისტემის ცვლილების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის თქმით, ყველა ცვლილება, რომელიც საგამოცდო სისტემას შეეხება, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება და გადაწყვეტილების მიღებისთანავე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

„ჩვენი სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, მათ შორის არის არსებული სისტემის კვლევა და ანალიზი. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლები – ყველა დაინტერესებული მხარე. არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონკრეტული სიახლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება ოფიციალური საშუალებებით. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პირველად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 14 სექტემბერს იყალთოში განაცხადა, როდესაც საზოგადოებას განათლების რეფორმის ახალი ხედვა გააცნო. მაშინ მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების არსებული სისტემა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეფასდება და სისტემის ახალი მოდელი 2020 წლისთვის დაინერგება. რაც შეეხება ტესტის ფორმატს, ცვლილება მხოლოდ ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) ეხება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცენტრმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა.