გამოავლინეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ობობა — მისი სიჩქარე წამში 3,5 მეტრია #1tvმეცნიერება

17:17, 01.07.2026

ავსტრალიაში, ქვინზლენდის შტატში გავრცელებულ მონადირე ობობას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ობობის ტიტული მიენიჭა — წამში მაქსიმუმ 3,6 მეტრი. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ამჟამად ოფიციალური მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის მაროკოულ ფლიკ-ფლაკ ობობას (Cebrennus rechenbergi), რომელიც გორაობით მოძრაობით წამში 1,7 მეტრს ავითარებს, როდესაც შეშინებულია. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ამას არასწორად მიიჩნევს.

„ფლიკ-ფლაკი გადაადგილების განსაკუთრებული სახეობაა. ეს არაა სირბილი, არამედ არის მხოლოდ დაგორება ქვიშის დიუნების კალთებზე“, — ამბობს გერმანიის გრაიფსვალდის უნივერსიტეტის მკვლევარი იონას ვულფი.

ობობების სირბილის სიჩქარის ყოვლისმომცველი სურათის მისაღებად, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარმა შრეიას კუჩიბოტლამ და მისმა კოლეგებმა, მათ შორის ვულფმა, საველე სამუშაოებში 162 სახეობის ცოცხალი ობობა შეაგროვეს ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ევროპასა და ავსტრალიაში; ათეულობით ნიმუში ცხოველთა მაღაზიებში იყიდეს.

თითოეული მათგანი ფრთხილად აწონეს, შემდეგ კი სიჩქარეზე შეამოწმეს A4 და A3 ფორმატის ქაღალდებზე; მათი მიზანი იყო დაედგინათ ბიომექანიკა რაც შეიძლება მეტ სახეობაში.

კუჩუბოტლას განცხადებით, სახეობების უმეტესობა გაქცევით ფუნჯის ნაზი შეხებით რეაგირებდა, მაგრამ ზოგიერთი ასე არ „თანამშრომლობდა“.

„ეს პროექტი ერთ თვეში დასრულდებოდა, ობობებს რომ ინგლისური ესმოდეთ. ტარანტულები სირბილისთვის არ არიან გაჩენილ; ბევრად ურჩევნიათ თავის ადგილზე დარჩენა, ამიტომ მათ შეკუმშული ჰაერის ნაკადით ვუბერავდით“, — ამბობს იგი.

კუჩუბოტლამ და მისმა კოლეგებმა ასევე შეაგროვეს სხვა კვლევების მიერ დადგენილი კიდევ 96 სახეობის სიჩქარის ჩანაწერები. ამ მონაცემების თანახმად, ჯუნგლების ბინადარი 3-გრამიანი მონადირე ობობა Heteropoda jugulans-ი წამში 3,59 მეტრ სიჩქარეს ავითარებს.

„ეს ობობები ასეთ მაღალ სიჩქარეს იმიტომ აღწევენ, რომ ისინი ობობების კვალობაზე შედარებით დიდები არიან, მაგრამ არც ისე დიდები, რომ მათი ფეხები მძიმე მუცლით ზედმეტად დაიტვირთოს“, — ამბობს ავსტრალიის სანშაინ-კოუსტის უნივერსიტეტის მკვლევარი კრისტოფერ კლემენტი.

ზოგადად, დიდი ობობები უფრო სწრაფები არიან, მაგრამ ზოგიერთი იმაზე მეტად სწრაფია, ვიდრე მათი ზომიდან გამომდინარე უნდა იყვნენ. უდიდესი სიურპრიზი იყო ნარინჯისფერი გობლინი ობობა (Oonops pulcher), რომელიც 0,1 მილიგრამს ძლივს იწონის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წამში 20 სანტიმეტრზე ჩქარა მოძრაობს.

ჯგუფის წევრი, დევიდ ლაბონტი ამბობს, რომ სიჩქარეს მთლიანად ფიზიკა განსაზღვრავს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ექსტრემალური ანატომიური და ფიზიოლოგიური ადაპტაციების ევოლუციას ცხოვრების წესი, მაგალითად, ნადირობის სტრატეგიები განაპირობებს.

„ავაზა გაცილებით სჯობნის მისივე ზომის უმეტეს ძაღლს. რა თქმა უნდა, მისმა ცხოვრების წესმა გახადა ეს სიჩქარე სასარგებლო, მაგრამ ამას მაინც ფიზიკა განაგებს“, — ამბობს ლაბონტი.

სხეულის ზომისა და საერთო წარმომავლობის გათვალისწინებით, ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სწრაფი სირბილი შედარებით გრძელ ფეხებთან ასოცირდება, მაგრამ არა ფეხების სიწვრილესთან და არც იმასთან, ცხოვრობს თუ არა ობობა თავდაყირა ჩამოკიდებულ პოზაში.

მკვლევარ ლეანდა მეზონის განცხადებით, როგორც ჩანს, ობობების სიჩქარის მმართველი გრძელი ფეხებია.

„დიდი აღმოჩენა ისაა, რომ ობობის სიჩქარე ჩამოაყალიბა გრძელი ფეხების არქიტექტურამ და ევოლუციურმა ისტორიამ და არა უბრალოდ ზომამ ან იმან, ქსოვს თუ არა ის აბლაბუდას“, — აღნიშნავს იგი.

კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე Biorxiv.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

მსგავსი