გამარტივებული საქმისწარმოების ელექტრონული პორტალი დღეიდან ამოქმედდა
გამარტივებული საქმისწარმოების ელექტრონული პორტალი დღეიდან ამოქმედდა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული საქმისწარმოების ელექტრონული პორტალი app.nbe.gov.ge შექმნა.

აღსრულების ეროვნულმა ბიუროს ინფორმაციით, პორტალზე მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიადევნონ თვალყური მათი საქმის მიმდინარეობას, საქმისმწარმოებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და წარმოების ეტაპებს.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პორტალი მეტად განვითარდება და მოქალაქეებს სერვისზე მოთხოვნის/აპლიკაციის დარეგისტრირებაც ელექტრონულად შეეძლებათ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ პორტალის პრეზენტაცია დღეს გამართა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და ფინანსური ინსტიტუტების, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობაში ციფრული მმართველობის დანერგვის მხრივ, ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა, რაც თავის მხრივ სამინისტროს მიერ გაცხადებულ 10-წლიან სტრატეგიასთან არის თანხვედრაში.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბიურომ საქმიანობაში ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის, დაინერგა ციფრული არქივი, მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოების ე.წ. ელექტრონული თანაშემწის შექმნა. ამავდროულად, ბიურო აგრძელებს, როგორც სამართლებრივ რეფორმებს, ასევე არსებული ელექტრონული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას“, – აცხადებენ ბიუროში.