გამარჯვება ბოლო წამებზე - გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ტოპ-16-შია #1TVSPORT
გამარჯვება ბოლო წამებზე - გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ტოპ-16-შია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. საგზურის მოსაპოვებლად „ტენერიფეს“ დიდი ბრძოლები გადახდა თურქულ „კარშიაკასთან“. პლეი ინის სერია სამ მოგებამდე იყო. პირველი მატჩი ესპანელთა სასარგებლოდ დასრულდა, მეორე – თურქების, მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას კი „ტენერიფემ“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე 74:71 გაიმარჯვა.

ბოლო წამებზე მოვლენები მეტად საინტერესოდ განვითარდა: საფინალო სირენამდე 1.5 წუთით ადრე „კარშიაკა“ სამი ქულით დაწინაურდა, თუმცა საპასუხო შეტევაში ბურთი მიიღო გიორგი შერმადინმა, რომელსაც სამი მეტოქე შემოეხვია, პასი სასტრეზე გაიტანა და მანაც სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 64:64.

დარჩენილ დროში სასტრემ კიდევ ორი სამიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო და მატჩის გმირი გახდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით კი ესპანელთა შორის საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო – +17.

მისი სრული სტატისტიკა ასეთი გახლდათ:

25 წუთი, 10 ქულა (6/4 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 9 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა.

არ უნდა გამოგვრჩეს მარსელინიო უერტასი, რომელიც გუნდს თავიდან ბოლომდე გონივრულად ხელმძღვანელობდა და 11 შედეგიანი გადაცემაც მოუგროვდა. სასტრეს ანგარიშზე 15 ქულა დაფიქსირდა.

ტოპ-16-ში შერმადინის გუნდი L ჯგუფში ითამაშებს. მისი მოწინააღმდეგეები იქნებიან „სომბატჰეი“ (უნგრეთი), „ლიეტუვოს რიტასი“ (ლიეტუვა) და „სტრასბური“ (საფრანგეთი).

პირველი მატჩი ტენერიფელებს „სომბატჰეისთან“ 24 იანვარს ელით.