„გალტ & თაგარტის“ კვლევით, წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორის დაახლოებით 10%-იანი წლიური ზრდა არის მოსალოდნელი
„გალტ & თაგარტის“ კვლევით, წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორის დაახლოებით 10%-იანი წლიური ზრდა არის მოსალოდნელი

„გალტ & თაგარტმა“ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიის კვლევის პრეზენტაცია გამართა. „გალტ & თაგარტის“ კვლევაში განხილულია ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორში არსებული ვითარება და ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების განვითარების პოტენციალი. კვლევის მიხედვით, 2019 წელს მოსალოდნელია სექტორის დაახლოებით 10%-იანი წლიური ზრდა. ეს მოლოდინები 2018 წელს ყურძნის რეკორდული მოსავლიდან და ექსპორტის ზრდის ტენდენციებიდან გამომდინარეობს.

კვლევაში საუბარია, რომ 2013-2018 წლებში ღვინის ექსპორტი არატრადიციულ ბაზრებზე გასამმაგდა, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა ამ ბაზრებზე ქართული ღვინის დაბალი ცნობადობის პირობებში. იმის გათვალისწინებით, რომ აზიაში ღვინის მოხმარება საკმაოდ მზარდია, ამ ბაზრების მიმართულებით შესაძლებელია ქართული ღვინის ექსპორტის 120 მლნ აშშ დოლარამდე ზრდა მომდევნო ხუთ წელიწადში, რაც გადააჭარბებს რუსეთიდან მიღებულ ამჟამინდელ შემოსავლებს. ამის მისაღწევად საჭიროა ბრენდის პოპულარიზაციასა და სადისტრიბუციო ქსელების გაფართოებაზე კონცენტრირება.

„ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია. 2013-18 წლებში სექტორის შემოსავლები თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 870 მილიონი ლარი შეადგინა. ღვინო საქართველოს მე-4, ხოლო ბრენდი მე-8 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია. 2018 წელს საქართველომ ღვინისა და ბრენდის ექსპორტიდან 305 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენი გათვლებით, 2019 წელი სექტორისთვის სავარაუდოდ კიდევ ერთი კარგი წელი იქნება და შემოსავლები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება“, – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.