გალერეა „წითელი კვადრატი“ მხატვარ-სიურეალისტ კახა ესებუას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
გალერეა „წითელი კვადრატი“ მხატვარ-სიურეალისტ კახა ესებუას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

გალერეა „წითელი კვადრატი“ მხატვარ- სიურეალისტ კახა ესებუას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. კახა ესებუას პერსონალური გამოფენა თბილისში 20 ნოემბერს გაიხსნა. მისი ფერწერული ნამუშევრები გალერეაში 25 ნოემბრამდე დარჩება.

„სურეალიზმი არის სისხლის ჯგუფი. მიუხედავად უამრავი ინფორმაციისა და ილუსტრაციებისა სურეალიზმის შესახებ, შეუძლებელია სურეალიზმის სწავლა და სურეალისტად ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მხატვარს თანდაყოლილი ჰქონდეს განცდის ნიჭი, რაც განაპირობებს მისი, როგორც შემოქმედის განუმეორებელ ინდივიდუალობას. შედარებით მცირე დოზით ფსიქოანალიზი და გაცილებით გამოკვეთილი ფილოსოფიურ-პოეტური ერუდიცია და ინტელექტი“, – აცხადებს კახა ესებუა, რომელიც მისი შემოქმედებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას გადმოსცემს.

კახა ესებუა საგამოფენო სივრცეში ბოლო პერიოდის სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს.

„გამოფენაზე წარვადგენ ბოლო პერიოდის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს. 21-ე საუკუნის მნახველს სურს, გამოფენაზე იხილოს მხატვრის „პარადოქსულ ტვინში გატარებით“ შექმნილი დღევანდელი თანამედროვეობის ობიექტები. მთავარი ის კი არ არის, რაც გააკეთე, არამედ მთავარი შენი, როგორც მხატვრის ინელექტუალური „ნააზრევია“. თანამედროვე ხელოვნება არის როგორც ლაბირინთი, სადაც თუ შეგიტყუეს, იქედან არ არსებობს გამოსავალი, რადგან თვითონ დღევანდელი სამყარო არის აბსურდული“, – ამბობს მხატვარი.

კახა ესებუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენები ჰქონდა 2 000 წელს საქართველოს სახელმწიფო სურათების ეროვნულ გალერეაში (ცისფერი გალერეა), 2003 წელს „ბაია გალერეაში“ და 2016 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტოში. მხატვრის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.