გალერეა „ვანდაში“ ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
გალერეა „ვანდაში“ ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

„პერიმეტრი“ – ასე ჰქვია ალექსანდრე ბერდიშევის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას, რომელსაც გალერეა „ვანდამ“ უმასპინძლა. ექსპოზიცია 43 ფერწერული ტილოსა და რამდენიმე ობიექტს აერთიანებს. როგორც ავტორი აღნიშნავს, მისი შემოქმედება სერიებისგან შედგება, წარმოდგენილი სერია კი გეომეტრიული ფიგურების სერიაა.

„გეომეტრია, როგორც ასეთი, მთელი თავისი ფორმებით, მრავალკუთხედებითა და ხაზებით, ჩემი ხელოვნების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ მასზე დაყრდნობით ვქმნი სივრცეს, სადაც დროის კონკრეტული მომენტის დაფიქსირება ხდება შესაძლებელი“, – ამბობს ალექსანდრე ბერდიშევი.

გალერისტ ვანდა მუჯირის განმარტებით, სხვადასხვა მედიაში შესრულებული ობიექტები ალექს ბერდიშევის შემოქმედებაში სიახლეა.

„ალექს ბერდიშევი ყოველთვის გამოირჩევა სხვებისგან თავისი მსოფლმხედველობით, არაჩვეულებრივი სტილით, ტექნიკითა და თანამედროვე ხედვით. ეს ის მხატვარია, ვისთანაც 22 წელია, თანამშრომლობს ჩემი გალერეა. მიხარია, რომ მისი პირველი გამოფენა 1997 წელს ჩემს გალერეაში მოეწყო. ყოველი მისი ახალი გამოფენა არის სიახლე და სიურპრიზი ავტორისგან. ეს მხატვარი მუდმივად ძიებაშია, მუდმივად ვითარდება და არასდროს ღალატობს თავის კრედოს“, – განაცხადა ვანდა მუჯირმა.

გამოფენა 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. ალექსანდრე ბერდიშევის შემოქმედება 90-იანი წლებიდან დაიწყო. მას არაერთი ჯგუფური და პერსონალური გამოფენა აქვს ჩატარებული. მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთის, აშშ-ს რუსეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.