გაკვეთილების შემცირებული ხანგრძლივობა, ახალი საგნები და შეფასების განახლებული სისტემა - რა სიახლეებით ხვდებიან სკოლები ახალ სასწავლო წელს
გაკვეთილების შემცირებული ხანგრძლივობა, ახალი საგნები და შეფასების განახლებული სისტემა - რა სიახლეებით ხვდებიან სკოლები ახალ სასწავლო წელს

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი იწყება. ახალ სეზონს სკოლები რამდენიმე სიახლით ხვდებიან.

როგორც პირველ არხს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, სიახლეები რამდენიმე მიმართულებით იქნება.

ახალი სახელმძღვანელოები

ახალ სასწავლო წელს საჯარო სკოლების ​პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეებს ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოები გადაეცემათ, რომელიც, სამინისტროს ინფორმაციით, გაუმჯობესებულია როგორც შინაარსობრივად, ასევე ტექნიკურად.

თუ აქამდე I-V კლასის თითოეული სახელმძღვანელოს წონა დაახლოებით 400 გრამამდე იყო, წელს 200 გრამამდე შემცირდა. რაც შეეხება V-VI კლასების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების საშუალო წონას, აქამდე თითო წიგნი 500 გრამამდე იწონიდა, ახლა კი წიგნის საშუალო წონა 250 გრამია.

სახელმძღვანელოების წონიდან გამომდინარე, ზოგიერთი სახელმძღვანელო დაყოფილია ორ, ზოგი კი სამ ნაწილად.

„მე და საზოგადოება“, „ჩვენი საქართველო“ 

საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება წელს III და IV კლასებში იწყება ყველა ქართულენოვან სკოლაში/სექტორზე (შერჩეულია ერთი გრიფირებული სახელმძღვანელო). აღნიშნულ საგანს მოსწავლეებს დაწყებითი კლასების მასწავლებელები ასწავლიან, რომლებმაც მიმდინარე წლის ზაფხულში სპეციალური ტრენინგები გაიარეს.

საგანი ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს. მის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ თემებს როგორიცაა:

III კლასი
„ჩემი ოჯახი“, „სკოლა, მეგობრები და თანატოლები“, „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“;

IV კლასი
„მედია და ინფორმაცია“, „სად და როგორც ვიღებ განათლებას“, „მე და ჩემი ქვეყანა“.

რაც შეეხება საგანს „ჩემი საქართველო“, ის მეხუთე-მეექვსე კლასში ისწავლება. საგანს ისტორიის, გეოგრაფიის ან სამოქალაქო განათლების პედაგოგები ასწავლიან, რომლებიც ასევე გადამზადდნენ.

შეფასების სისტემა

პირველ-მეოთხე კლასებში ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით ქულით შეფასება არ ხდება და მხოლოდ განმავითარებელი შეფასება მოქმედებს. სხვადასხვა საგნის მასწავლებლები მეხუთე კლასიდან შემოდიან და სწორედ ამ დროს შემოდიოდა ნიშნების წერის სისტემაც, რითაც ბავშვებს ექმნებოდათ განსხვავებული სასწავლო გარემო. კერძოდ, თუ მასწავლებელი ბავშვს უმაღლეს შეფასებას არ უწერდა, ბავშვები ვერ ხვდებოდნენ, რატომ მიიღო მაგალითად ცხრიანი, რომელიც ასევე მაღალი ქულაა და არა 10-იანი, რაც მათთვის სტრესი იყო.

შესაბამისად, სამინისტრომ გაიზიარა სკოლების ინიციატივა, რომ მეხუთე კლასის პირველ სემესტრში ნიშნები არ დაიწეროს, მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს შეეჩვიონ და შემდეგ მოხდეს ქულებით შეფასება.

ცვლილება შევიდა საშინაო დავალების ნაწილშიც: ნაცვლად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესზე მოსულიყო მეტი დატვირთვა, ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლეებს დიდი რაოდენობით დავალება სახლისთვის ეძლეოდა. ამიტომ შეიცვალა მიდგომა: პირველ-მეექვსე კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში ნიშანი საერთოდ არ დაიწერება. ნიშანი დაიწერება საკლასო აქტივობებში, შემაჯამებელ დავალებებში, მაგრამ საშინაო დავალება მომზადდება გაკვეთილისთვის. რაც შეეხება სემესტრულ და წლიურ შეფასებას, მოსწავლეები ჩვეულებრივ შეფასდებიან, როგორც აქამდე ხდებოდა.

უცხოური ენის სწავლება

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, უცხოური ენის სწავლება დაიწყება პირველი კლასის მეორე სემესტრიდან. მართალია, ბავშვების ნაწილი მომზადებული მოდის სკოლაში, მაგალითად იცის ანბანი, ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებები, მაგრამ რადგანაც საქართველოში სკოლამდელი განათლება სავალდებულო არ არის, პირველი კლასი ითვლება საანბანე პერიოდად, ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, უცხოური ენა შემოვიდეს პირველი კლასის მეორე სემესტრიდან და არა პირველი სემესტრიდან, როგორც ეს დღემდე იყო. თუმცა, წამყვანი ზეპირი მეტყველების განვითარება იქნება.

რაც შეეხება მეორე უცხოურ ენას, სკოლისთვის სავალდებულოა მინიმუმ ორი უცხოური ენის შეთავაზება, საიდანც ერთი აუცილებლად ევროპული ენა უნდა იყოს.

მაგალითად, ზოგიერთ სკოლაში წლებია, მეორე უცხოური ენა რუსული ან გერმანულია. თუ მოსწავლეების გარკვეული რაოდენობის სურვილი იქნება, შესაძლებელია, ახალმა თაობამ განსხვავებული უცხოური ენის სწავლა დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლაში მეორე უცხო ენა წლების განმავლობაში სხვა იყო. ეს არ ნიშნავს ძველი ენის ამოგდებას, ისიც დარჩება ერთ-ერთ უცხო ენად, მაგრამ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ევროპის უნივერსიტეტებში შეძლონ სწავლის გაგრძელება და ხარისხიანი განათლების მიღება, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, ხელი შეუწყოს ევროპული ენების აკადემიურ დონეზე სწავლებას.

ენის ფლობის დონეები

სკოლას ორ საგანში შეუძლია გაყოს კლასი – ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში. ამასთან, მასწავლებელს შეუძლია, უცხოურ ენაში მოსწავლეთა ენის ფლობის დონეები გაითვალისწინოს. რომელი კლასიდან და როგორ დააჯგუფებს ბავშვებს, ამაზე სკოლამ და მასწავლებელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შესაძლებელია ისიც, რომ თუ ორი პარალელური კლასია, აქედან ოთხი განაყოფი გააკეთოს და დონეების მიხედვით დააჯგუფოს ბავშვები. მნიშნველოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბავშვები დაიყოს ენის ფლობის დონის მიხედვით.

გაკვეთილების ხანგრძლივობა

გაკვეთილების ხანგრძლივობა მეორე კლასში ხუთი წუთით შემცირდა და ნაცვლად 45 წუთისა, 40-წუთიანი გახდა. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35 წუთით, მეორე კლასში – 40 წუთით, ხოლო მესამე-მეთორმეტე კლასებში – 45 წუთით. გარდა ამისა, პირველ კლასში აუცილებელია გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მასწავლებელმა ბავშვები ფიზიკური აქტივობით გაავარჯიშოს, რადგან პირველკლასელებს განსაკუთრებით უჭირთ დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა, ამიტომ მათთვის განსხვავებული ფორმის აქტივობების შეთავაზება აუცილებელია.

სიახლე საგნებში 

სიახლეა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ცალკე გამოიყო ენის კომპონენტი მეხუთე-მეექვსე კლასებში. გაკეთდა ჩანაწერი, რომ პედაგოგს შეუძლია, ცალკე საათები დაუთმოს გრამატიკას. წინა თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ამაში არ ზღუდავდა პედაგოგებს, თუმცა, მათი მოთხოვნით, მაინც გაკეთდა ამგვარი ჩანაწერი.
მაგალითად, კვირაში თუ ხუთი საათია ქართულ ენასა და ლიტერატურაზე გამოყოფილი, შესაძლებელია ენა სრულად ინტეგრირებული იყოს ლიტერატურასთან, მაგრამ ასევე შესაძლებელია ცალკე საათი დაეთმოს მას, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს.

ცვლილებები სპორტის გაკვეთილებში

​სპორტის გაკვეთილებს პირველ და მეოთხე კლასში დაემატა ერთი საათი. გარდა ამისა, დაწესდა შეზღუდვა, რომ სპორტის გაკვეთილებს სკოლებმა თვითნებურად არ მოაკლონ საათები. დღემდე გავრცელებული პრაქტიკით, სპორტის, მუსიკის, ხელოვნების გაკვეთილებს 25%-ის ფარგლებში აკლებდნენ საათებს და სხვა საგანს ემატებოდა სკოლის გადაწყვეტილებით. მაგრამ ახალი შეზღუდვით, ეს ვეღარ მოხდება არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე.