„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – კომუნიკაციების კომისია​ ახალ კონკურსს აცხადებს

21:38, 07.09.2026

კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) მხარდაჭერით, პირველად აცხადებს კონკურსს „გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“.

როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია მედიაწიგნიერების მიმართულებით კვალიფიციური ტრენერების მომზადება, რომლებიც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საგანმანათლებლო პროცესში გამოიყენებენ და სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაში მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარებას შეუწყობენ ხელს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სწავლების, ტრენინგის ჩატარების ან საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება და დაინტერესებულია მედიაწიგნიერებით.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ათი კანდიდატი გაივლის ტრენერთა მომზადების სპეციალიზებულ პროგრამას (Training of Trainers – ToT) და მიიღებს მედიაწიგნიერების სერტიფიცირებული ტრენერის სტატუსს.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სწავლების, ან სხვა საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, ასევე მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული ცოდნა ან/და პრაქტიკული გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება მედიაწიგნიერების/ციფრული წიგნიერების მიმართულებით სწავლების, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის, სასწავლო მასალების შექმნისა და სხვადასხვა ასაკობრივ თუ პროფესიულ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სადაც გაეცნობიან განაცხადის წარდგენის პირობებს და წარმოადგენენ რეზიუმეს (CV), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, 2-5 წუთიან სამოტივაციო ვიდეოს თემაზე – „რატომ მინდა, გავხდე მედიაწიგნიერების ტრენერი?“, ასევე, არსებობის შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატებსა და პროფესიულ პორტფოლიოს.

რეგისტრაციისა და კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ ბმული.

მსგავსი