გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე შანხაის „მასტერსზე“
გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე შანხაის „მასტერსზე“

2019 წლის სეზონის ბოლოსწინა „მასტერსი“ მომავალ კვირას ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართება. შედგა ტურნირის ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე. ქართველი მე-15 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში (1/32 ფინალი) მოლდოველ რადუ ალბოტს შეხვდება.

ეს ჩოგბურთელები ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ ჰქონიათ მატჩები „ჩელენჯებსა“ და საკვალიფიკაციოებში. საბოლოო ჯამში, ქართველი და მოლდოველი სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სამივეჯერ ბასილაშვილმა მოიგო.

ცნობილია, რომ ბოლო წლებში წყვილთა ტურნირებზე ბასილაშვილის მუდმივი მეწყვილე ალბოტი იყო.

მოლდოველის დამარცხების შემთხვევაში, ნიკა მეორე წრეში ფრანგ ბენუა პერსა და კვალიფიკაციის მოგებულს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილმა შანხაის „მასტერსზე“ შარშანაც ითამაშა და მაშინ ერთი წრე გაიარა – საწყის რაუნდში 6:2, 6:2 მოუგო კანადელ დენის შაპოვალოვს და მეორე წრეში დამარცხდა გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან – 5:7, 4:6.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამ კვირას ვერ შეძლო პეკინში ტიტულის შენარჩუნება და ახალ რეიტინგში 26-ე ადგილამდე ჩამოქვეითდება.