ამ კვირას, საფრანგეთის ქალაქ მეცში, ATP-ის ტურნირი იმართება, რომელშიც მეხუთე ნომრად მსოფლიოს 31-ე ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი არის განთესილი.
ორშაბათის კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ ბასილაშვილის პირველი მეტოქე გაირკვა – ეს იქნება 31 წლის ფრანგი ვეტერანი კენი დე შეპერი, რომლის სიმაღლე 203 სანტიმეტრია და ATP-ის კლასიფიკაციაში ის 186-ე ადგილს იკავებს.
ბასილაშვილისა და დე შეპერის მატჩი სამშაბათს გაიმართება. ეს ჩოგბურთელები პროფესიულ ტურში აქამდე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს. ამ მატჩში გამარჯვებული მეორე წრეში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩსა და ფრანგ უგო უმბერს შორის მოგებულს შეხვდება.
მეცის ტურნირზე პირველ ოთხ ნომრად განთესილები არიან: იაპონელი კეი ნიშიკორი (1), ბერძენი სტეფანოს ციციპასი (2), ფრანგები ლუკ პუიე (3) და რიშარ გასკე (4).
მეცის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი.