ორშაბათს, 5 აგვისტოს, მონრეალში „მასტერსის“ სერიის მორიგი ტურნირი იწყება, რომელშიც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-13 ნომრად არის განთესილი. გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ქართველის პირველი მეტოქე – ეს არის სერბი დუშან ლაიოვიჩი, რომელიც მსოფლიოს 26-ე ნომერია.
ამ ჩოგბურთელებს ერთმანეთში ოთხჯერ უთამაშიათ. 2016 წელს, პეკინის „ჩელენჯერში“ (ჰარდი) ბასილაშვილმა 6:7(4), 7:5, 6:4 მოიგო. იმავე წელს, კიტცბუელის ტურნირზეც (გრუნტი) ქართველმა იმარჯვა – 6:3, 6:1. კიდევ ორი შეხვედრა 2018 წელს შედგა: ანტალიაში (ბალახი) ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო – 6:4, 2:6, 7:5, უმაგში (გრუნტი) ლაიოვიჩმა გაიმარჯვა – 7:5, 6:2.
ბასილაშვილსა და ლაიოვიჩს შორის მოგებული მეთექვსმეტედფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფსა და ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის გამარჯვებულს შეხვდება. მერვედფინალში ქართველის სავარაუდო მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევია, რომელსაც ნიკამ ერთი კვირის წინ, ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში მოუგო.
ბასილაშვილს შარშან კანადურ „მასტერსზე“ არ უთამაშია, ასე რომ, მონრეალში მას სარეიტინგო ქულები დასაცავი არ აქვს, შესაბამისად, წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, კლასიფიკაციაში წინ წაწევის შანსი გააჩნია.
მონრეალში ტიტულს იცავს ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელმაც შარშან, ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.