ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის სეზონს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ATP250-ის ტურნირზე გამოსვლით დაიწყებს. გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკას პირველი მეტოქე – საწყის რაუნდში (1/16 ფინალი) ის 33 წლის იტალიელ ანდრეა არნაბოლდის შეხვდება.
აპენინელი, ამჟამად, მსოფლიოს 267-ე ნომერია. ქართველსა და იტალიელს ერთხელ უთამაშიათ პროფესიულ ტურში – 2012 წელს, მაროკოში არნაბოლდიმ სამ სეტში მოიგო.
იტალიელის დამარცხების შემთხვევაში, მეორე წრეში ბასილაშვილი თურქ ალთუგ ჩელიქბილექსა და პოლონელ კაცპერ ჟუკს შორის მოგებულს შეხვდება.
ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს მე-40 ჩოგანია, ანტალიაში მეექვსე ნომრად არის განთესილი. ასევე რვა განთესილს შორის შედიან: 1. მატეო ბერეტინი (იტალია), 2. დავიდ გოფენი (ბელგია), 3. ფაბიო ფონინი (იტალია), 4. ალექს დე მინორი (ავსტრალია), 5. იან-ლენარდ შტრუფი (გერმანია), 7. მიომირ კეჩმანოვიჩი (სერბეთი) და 8. ალექსანდრ ბუბლიკი (ყაზახეთი).
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილს 11-მატჩიანი წაგებების სერია აქვს, რომლის დროსაც მხოლოდ ერთი სეტის მოგება მოახერხა.
ანტალიაში ტურნირი 7-13 იანვარს ჩატარდება.