გაიმართა ინდიან უელსის „მასტერსის“ ბადის წილისყრა - ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში თავისუფალია #1TVSPORT
10 მარტს ინდიან უელსში „მასტერსის“ სერიის ტურნირი იწყება. გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ამ ტურნირის შარშანდელი ფინალისტია, მე-18 ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია. მეორე წრეში მისი მეტოქე იტალიელ ფაბიო ფონინისა და ესპანელ პაბლო ანდუხარის შეხვედრაში გაირკვევა.
მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში, ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე ტურნირის მე-12 ნომერი, ბრიტანელი კემერონ ნორი იქნება. ქართველმა სწორედ მასთან წააგო შარშან ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალი.
ტურნირზე პირველ ნომრად რუსი დანიილ მედვედევია განთესილი. მეორე ნომერია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, თუმცა მისი მონაწილეობა ტურნირში დადასტურებული არ არის, რადგან ოფიციალურად „მასტერსში“ თამაშის უფლება არ აქვთ არავაქცინირებულ მოთამაშეებს. პირველ რვა განთესილს შორის ასევე არიან: ალექსანდრ ზვერევი, რაფაელ ნადალი, სტეფანოს ციციპასი, მატეო ბერეტინი, ანდრეი რუბლიოვი, კასპერ რუუდი.