გაიცანით „ბოთლის ხე“, რომლის წვენი შხამიც არის და წამალიც — #1tvმეცნიერება

13:40, 14.09.2026

უდაბნოს ვარდის სოკოტრული სახეობა (Adenium obesum) ბავშვის დახატულ ხეს ჰგავს. მისი მომრგვალებული, ბოლქვისებრი ტანი და კაშკაშა ვარდისფერი ყვავილები არამიწიერად და თავისი სამყოფლისთვის ზედმეტად ნაზად გამოიყურება.

გვხვდება მხოლოდ იემენის ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ სოკოტრას კლდოვან ლანდშაფტზე, სადაც მას ზოგჯერ ბოთლის ხეს უწოდებენ.

მისი ფუძის სიგანე ზოგჯერ 2,4 მეტრს აღწევს და სახელი მართლაც რომ უხდება — ის დედამიწის ზედაპირზე დადებულ წყლის უზარმაზარ, რბილკედლებიან ბოთლს ჰგავს.

ეს შეშუპებული ფორმა წარმოადგენს ადაპტაციას მკაცრი, მშრალი გარემოსადმი — მცენარე ღეროსა და ფესვებში წყალს ინახავს.

თვეების განმავლობაში ის უბრალოდ უდაბნოს არქიტექტურის გამორჩეულ ნაწილს ჰგავს, შემდეგ კი ნამდვილ შოუს იწყებს. მარტის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე, სოკოტრას უდაბნოს ვარდი საოცარი ვარდისფერი და თეთრი ყვავილებით იპენტება.

უცნაური შესახებდაობის მცენარეა, მაგრამ მისი უცნაურობა სულაც არაა მხოლოდ ზედაპირული.

მშრალ ადგილებში A. obesum-ის ხუთი სახეობა იზრდება — ზოგიერთი მათგანი საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე საჰელის რეგიონების მკვიდრია, ზოგი სამხრეთ აფრიკის, ზოგიც არაბეთის ნახევარკუნძულზე გვხვდება (თუნდაც იემენის კუნძულ სოკოტრაზე).

A. obesum-ი მიეკუთვნება ქენდირისებრთა ოჯახს, რომელიც ცნობილია იმით, რომ შეიცავენ ლატექსს და ბევრი სახეობა კი ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, მათ შორის გულის გლიკოზიდებს.

გამონაკლისი არც სოკოტრის უდაბნოს ვარდია.

როცა დაზიანებულია, გამოყოფს რძესავით თეთრ წვენს (ლატექსი), რომელიც შეიცავს ნაერთებს, რომლებიც გულზე ზემოქმედებს.

ეს ნაერთები ისაა, რაც ამ ხეს ასე მომაჯადოებელს ხდის — თანაც სახიფათოს. მცირე ოდენობით მოხმარებისასაც კი, გულის გლიკოზიდები ზრდის გულის შეკუმშვების ძალას, მაგრამ ამავე დროს ანელებს გულისცემას; შესაბამისად, მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის გულის უკმარისობის სამკურნალოდ.

იგივე ქიმიური შემადგენლობა, რაც მცენარეს სამკურნალოდ სასარგებლოს ხდის, მას შხამადაც აქცევს.

როგორც ძველი ანდაზა იტყოდა, „დოზა განსაზღვრავს შხამს“ — ზედმეტი გულის გლიკოზიდები იწვევს ღებინებას, მხედველობის დაბინდვას, სახიფათოდ არანორმალურ გულის რიტმს და სხვა პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო ეფექტებს.

ასეა ადამიანებისთვისაც და ცხოველებისთვისაც.

ერთ კარგად დოკუმენტირებულ შემთხვევაში, სახლის ბინადარმა თუთიყუშმა არამ სახლში მოყვავილე უდაბნოს ვარდის ყვავილი შეჭამა და განუვითარდა მყისიერი, მწვავე რეაქცია, რომელსაც 12-დღიანი ვეტერინარული მკურნალობა დასჭირდა; საბოლოოდ, თუთიყუში გამოჯანმრთელდა.

 

საპირისპირო შემთხვევაა წინწკლებიანი კრაზანისებრი ჩრჩილი (Syntomeida epilais) — მუხლუხის სტადიაში ის ამ სხვა მრავალი სახეობისთვის შხამიანი მცენარის ფოთლებს ჭამს. მოგვიანებით ის ამ მომსახურებას მცენარეს საპასუხო ქმედებით უბრუნებს და ღამის სხვა პეპლებთან ერთად, მის ერთ-ერთ მთავარ დამამტვერიანებლად გვევლინება.

და კვლავაც, შხამი შეიძლება სასარგებლო იყოს.

მაგალითად, ჩრდილოეთ ტანზანიაში, ჰადზას ხალხი A. obesum-ს ტრადიციულად იყენებს ისრის შხამად ისეთ ცხოველებზე სანადიროდ, როგორებიცაა კამეჩი, ზებრა, ჟირაფი, ფრინველები.

სხვა საზოგადოებები ამ მცენარეს თევზის, მავნებლებისა და პარაზიტების მოსაწამლად იყენებდნენ.

2024 წელს ამ მცენარის ეთნობოტანიკური გამოყენების შესახებ ჩატარებულ მიმოხილვაში მისი წარმოუდგენლად ფართო გამოყენება დაადგინეს. სხვადასხვა რეგიონში, მის ნაწილებს ხალხი იყენებს კანის პრობლემების, ჭრილობების, ყურის ტკივილის, კბილების დაშლის, ტილებისა და სხვადასხვა ინფექციისთვის.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მცენარის შხამიანი ნაერთების განსაკუთრებით მძლავრი წყაროა თესლები და ფესვები.

ზოგიერთი საზოგადოება A. obesum-ს ასევე იყენებს მალარიისა და სხვა პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ.

უცნობია, რომელი ასეთი მკურნალობა შეიძლება იყოს ეფექტიანი, მაგრამ მკვლევრებმა A. obesum-ში გამოავლინეს ათეულობით ნაერთი, რომელთაგან ზოგიერთი არის ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტი ან აქვს კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ერთ მიმოხილვაში გამოავლინეს 53 ნაერთი წინა კვლევებიდან, მაგრამ ხაზგასმულია, რომ ზოგიერთი მათგანი ტოქსიკურია.

გამოყენების ეს ფართო სპექტრი შესაძლოა ხსნიდეს, თუ რატომ გამოიყენება „უდაბნოს ვარდი“ მისტიკურ ან რელიგიურ პრაქტიკებშიც.

„ითვლება, რომ მცენარის წვენი ეფექტიანია „თვალის“ (ავი თვალის) მიერ გამოწვეული ავადმყოფობის სამკურნალოდ და გამოიყენება როგორც დამცავი საშუალება ბოროტი სულებისა და ავისმსურველების წინააღმდეგ“, — წერენ ავტორები 2020 წელს Journal of Medicinal Plants Studies-ში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

და რა თქმა უნდა, უდაბნოს ვარდი კულტივირებულია, როგორც დეკორატიული მცენარე და ფასობს არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ უცნაურად შესიებული ფესვებით, რომელიც შეიძლება ქვის გარშემო ჩამოიზარდოს ანდაც ბონსაის სახით გაზარდო.

ზოგიერთ ბუდისტურ ცერემონიაში, ღეროები, ფოთლები და ყვავილები შესაწირად გამოიყენება, ინდონეზიის ზოგიერთ რეგიონში კი ყვავილები მიაქვთ სასაფლაოზე და აღნიშნავს მიცვალებულთა ხსოვნას.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი