ეროვნული ლიგის ბინადარმა „გაგრამ“ ვარჯიში განაახლა. გიორგი ონიანის გაწვრთნილებმა ახალი სეზონისთვის მზადება დიდი დიღმის სპორტულ ცენტრში დაიწყეს.
ცნობილი გახდა, რომ გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა, უკრაინელმა მეკარემ ოლეკსანდრ ვორობეიმ კლუბი დატოვა, – ინფორმაციას „გაგრას“ პრესსამსახური ავრცელებს.
„სამი დაუვიწყარი სეზონის განმავლობაში ოლეკსანდრ ვორობეი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. მისმა შთამბეჭდავმა მოგერიებებმა და ბრწყინვალე თამაშმა გუნდს არაერთი წარმატება მოუტანა. 72 მატჩში მან კარი 25-ჯერ მშრალად შეინახა.
გვინდა, წარმატება ვუსურვოთ როგორც მოედანზე, ასევე პირად ცხოვრებაში. მადლობა ერთგულებისთვისა და დაუღალავი შრომისთვის. „გაგრას“ ოჯახი ყოველთვის შენი გულშემატკივარი იქნება“, – წერია კლუბის განცხადებაში.
მანამდე ცნობილი იყო, რომ კლუბთან ოთარ აფციაურსა და ირაკლი იაკობიძეს იჯარის ვადა ამოეწურათ, ხოლო გიორგი ქიმაძეს – კონტრაქტი, რის შემდეგაც მათ „გაგრა“ დატოვეს. ამჟამად კი გუნდის შემადგენლობის დაკომპლექტება მიმდინარეობს.