„გაგრა“ საქართველოს თასის ფინალში გავიდა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა, „გაგრამ“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „გაგრამ“ ანგარიში მე-14 წუთზე იაზლი ნაზაროვის გოლით გახსნა, 29-ე წუთზე კი ვანდერსონ სილვას გოლით უპირატესობა გაზარდა. 83-ე წუთზე ლუკა პარკაძემ სხვაობა შეამცირა, თუმცა „რუსთავმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
„გაგრა“ საქართველოს თასის ფინალში ისტორიაში მეოთხედ ითამაშებს. 2011 წელს გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედოს“ სძლია და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. 2018 წელს ფინალში კვლავ „ტორპედოს“ დაუპირისპირდა, თუმცა დამარცხდა, 2020 წელს კი ტიტულისთვის ბრძოლაში „სამგურალს“ აჯობა და თასს მეორედ დაეუფლა.
მეორე ფინალისტის ვინაობა 28 ოქტომბერს გაირკვევა. ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც „ბათუმი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება, ადგილობრივი „დინამო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს.