„გაგრა“ ახალი სეზონისთვის გაძლიერდა
„გაგრა“ ახალი სეზონისთვის გაძლიერდა

„გაგრა“ სეზონისთვის ემზადება, რომლის შემადგენლობაშიც სერიოზული ცვლილებებია – გუნდი 10 მოთამაშეს შეელია, მაგრამ ბევრი და საკმაოდ ხარისხიანი მოთამაშეები დაიმატა.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გაგრას ფეხბურთელი გახდა საჩხერის „ჩიხურას“ ყოფილი შემტევი ლუკა კიკაბიძე – 26 წლის ნახევარმცველი, რომელსაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ასევე ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო გურამ სამუშია, რომელიც „გაგრას“ „თელავიდან“ შემოუერთდა. გუნდი გააძლიერა თავდამსხმელმა თორნიკე მუმლაძემ, რომელსაც გულშემატკივარი საჩხერეს „ჩიხურადან“ იცნობს, სადაც ევროპის ლიგაზე თურქულ „ბურსასპორს“ პენალტების სერიაში ბოლო დარტყმა გაუტანა და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ის ბოლოს ფოთის „კოლხეთში“ თამაშობდა, სადაც ლიგა 3-ის ბომბარდირი გახდა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუნდს ქუთაისის „ტორპედოდან“ დაემატა 22 წლის თავდამსხმელი დავით იონანიძე. ოფიციალურად: „გაგრას“ ფეხბურთელი გახდა 27 წლის მარცხენა მცველი დავით საჯაიაც, რომელმაც ბოლო სეზონი ბოლნისის „სიონში“ ითამაშა.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ „გაგრას“ ფეხბურთელს დიტო ფაჩულიას უხმეს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც მზადება ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დაიწყო.

„გაგრა“ 2020 წელს საქართველოს თასის მფლობელი გახდა, უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენციათა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა და მიზნად შემადგენლობის გაძლიერებას და ეროვნულ ლიგაში გადასვლას ისახავს.