გაფიცვის გამო, საფრანგეთში სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. გაუქმდა საერთაშორისო და შიდა რეისების უმეტესობა.
საფრანგეთის რკინიგზელთა ეროვნული საზოგადოების წევრებმა საპროტესტო აქცია დღეს განაახლეს. გაფიცვა ამჯერადაც ორ დღეს გაგრძელდება.
მათივე ცნობით, ამგვარი აქციები ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩატარდება.
დღის განმავლობაში მგზავრებს ჩქარი მატარებლების მხოლოდ 20 პროცენტი მოემსახურება.
სამსახურში არ გამოცხადდნენ მემანქანეები, გამყოლები, სარკინიგზო სადგურების თანამშრომლები და კონტროლიორები. გაფიცულები მთავრობის რეფორმების გეგმას აპროტესტებენ.
მათვე ცნობით, ცვლილებები არარენტაბელური მარშრუტების გაუქმებას და თანამშრომელთა ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლებას გამოიწვევს.
პროფკავშირები ვარაუდობენ, რომ საბოლოო ჯამში, მთავრობა სახელმწიფო საკრინიგზო კომპანიას გაასხვისებს. მასშტაბური გაფიცვის მიუხედავად, მთავრობა აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს და რეფორმას ბოლომდე მიიყვანს.