გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ბრიტანეთმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება დაიწყო
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ბრიტანეთმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება დაიწყო

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანეთმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება დაიწყო, რათა ქვეყანას ინტერვენციის შემთხვევაში თავის დაცვაში დაეხმაროს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მივაწოდოთ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების სისტემები“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

მისი თქმით, სისტემების პირველი პარტია უკრაინაში უკვე ჩავიდა. ამასთან, ბრიტანელი სამხედროების მცირე ჯგუფი მოკლე პერიოდით უკრაინაში ტრენინგს ჩაატარებს.

თავდაცვის მდივანს არ დაუკონკრეტებია მიწოდებული იარაღის რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ არის სტრატეგიული შეიარაღება და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი თქმით, მიწოდებული სისტემები თავდაცვითია.

„ისინი მოკლე რადიუსზე მოქმედია, თუმცა ამის მიუხედავად, ეს დააფიქრებს ადამიანებს იმაზე, თუ რას აკეთებენ და თუ ტანკები შეიჭრება უკრაინაში, ეს შეიარაღება იქნება თავდაცვით მექანიზმის ნაწილი“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

ბრიტანელი მაღალჩინოსნის თქმით, არსებობს შეშფოთების ლეგიტიმური და რეალური მიზეზი, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფები ინტერვენციისთვის იქნება გამოყენებული. ამასთან, მან განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების პაკეტი უკვე მზად არის იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში დესტაბილიზაციურ ქმედებებს განახორციელებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებას მიესალმა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ლონდონში მიიწვია შექმნილი კრიზისის განსახილველად, თუმცა მან არ იცის, მიიღებს თუ არა რუსეთი მიწვევას.

უოლესმა იმედი გამოთქვა, რომ არსებულ კრიზისში დიპლომატია გაიმარჯვებს და აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტ პუტინის არჩევანზეა დამოკიდებული.

დასავლური ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება. მოსკოვი თავდასხმის გეგმას უარყოფს.

დატოვე კომენტარი