„გაერთიანებული სამეფოს რეფორმის“ ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა აღმოსავლეთ ინგლისში, კლაქტონის ოლქში თემთა პალატის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა და პარლამენტში მანდატი დაიბრუნა
პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმის“ ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა აღმოსავლეთ ინგლისში, კლაქტონის ოლქში თემთა პალატის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა და პარლამენტში მანდატი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ფარაჯმა გასულ თვეში პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა, რათა ამომრჩევლებისგან ახალი მანდატი მიეღო. მან ეს ნაბიჯი „ისტებლიშმენტის წინააღმდეგ ომად“ გამოაცხადა და განაცხადა, რომ „ისტებლიშმენტი“ დონორებისგან დაუდეკლარირებელი საჩუქრების მიღების გამო მის დისკრედიტაციას ცდილობდა.
ბრიტანეთის მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს და მას ფარაჯის პირადი ინტერესების მომსახურე „პოლიტიკურ ტრიუკად“ მიიჩნიეს. შედეგად, მისი მთავარი მეტოქე გახდა „გრაფი ბინფეისი“ (Count Binface) – კომიკოს ჯონათან ჰარვის მიერ შექმნილი პერსონაჟი, რომელიც ბრიტანეთის არჩევნებში იუმორის ერთგვარ მუდმივ ელემენტად იქცა.
ნაიჯელ ფარაჯმა ხმების 62.8% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა ჯონათან ჰარვიმ – 26.7%, რომელიც თავისი მოფიქრებული სატირული პერსონაჟის – „გრაფი ბინფეისის“ სახელით მონაწილეობს.
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 44% შეადგინა. „გრაფ ბინფეისის“ საარჩევნო დაპირებებს შორის ნაყინზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაც იყო.
მედიის ცნობით, ფარაჯი შედეგების დათვლას არ დასწრებია. მისი თქმით, პოლიციამ გააფრთხილა, რომ შედეგების ჩაშლისკენ მიმართული კამპანია იგეგმებოდა. მან ასევე გააუქმა სიტყვით გამოსვლა.
„როიტერის“ ცნობით, ბრიტანეთის პარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, უნდა დაედეკლარირებინა თუ არა ფარაჯს კრიპტოვალუტის მილიარდერი ინვესტორისგან მიღებული 5 მილიონი ფუნტის ღირებულების საჩუქარი.
ფარაჯმა თანხის მიღება აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ მისი დეკლარირება საჭირო არ იყო, რადგან ეს პირადი საჩუქარი იყო. საპარლამენტო ორგანოები თუ დაადგენენ, რომ მან დეკლარირების წესები დაარღვია, შესაძლოა, პარლამენტიდან დროებით ჩამოაშორონ და მის მანდატზე ახალი არჩევნები დაინიშნოს, რომელშიც, სავარაუდოდ, მთავარი პარტიებიც წარადგენენ კანდიდატებს.