„როიტერი“ – ფინანსური ბრალდებების ფონზე, „გაერთიანებული სამეფოს რეფორმის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი დეპუტატის მანდატს ტოვებს და აცხადებს, რომ ხელახალ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ფინანსური ბრალდებების ფონზე ნაიჯელ ფარაჯი დეპუტატის მანდატს ტოვებს და აცხადებს, რომ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი აცხადებს, დეპუტატის მანდატს ტოვებს, რათა საკუთარ საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნები გაიმართოს.
მისი თქმით, სურს, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ამომრჩეველმა მიიღოს.
ფარაჯის განცხადებას წინ უძღოდა ბრალდებები, რომლის მიხედვითაც, მან მდიდარი მხარდამჭერებისგან მიღებული მილიონობით ფუნტის ღირებულების საჩუქრები სრულად არ დაადეკლარირა. ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში ფარაჯმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. მისი თქმით, ხელახალი არჩევნები „ხალხსა და ისტებლიშმენტს შორის ბრძოლა“ იქნება.
„ეს იქნება ხალხისა და ისტებლიშმენტის დაპირისპირება. ეს არის შესაძლებლობა, მთელ ისტებლიშმენტს მკაფიო პასუხი გავცეთ“, – აღნიშნა ფარაჯმა.
ცნობისთვის, საქმე ეხება 5 მილიონი ფუნტის ღირებულების საჩუქარს, რომელიც მან მილიარდერი კრიპტოინვესტორისგან მიიღო. მისი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს საჩუქარი სათანადოდ არ იყო დეკლარირებული. თავად პოლიტიკოსის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი გამოძიება, რომელიც ყოფილი თანაშემწისგან მიღებულ შემოწირულობებს უკავშირდება. ფარაჯი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ნაიჯელ ფარაჯის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კირ სტარმერი და მას „სასოწარკვეთილი შოუ“ უწოდა.