გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია 2 მაისს ირანთან ბირთვული შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ
გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია 2 მაისს ირანთან ბირთვული შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ

გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია პარასკევს ირანთან ბირთვული შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

შეხვედრა რომში გაიმართება, ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე.

„ჩემი აზრით, სამი ევროპული ქვეყნის როლი შემცირდა წარსულში მათი არასწორი პოლიტიკის გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვემხრობით ასეთ ვითარებას და ამიტომ მზად ვართ სამ ევროპულ ქვეყანასთან შესახვედრად და რომში მოლაპარაკებების გასამართად. ამ დროისთვის მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს საკითხი გადაწყდეს საერთაშორისო ურთიერთგაგებით, გლობალური პერსპექტივით და ჩვენ გავაგრძელებთ ევროპელებთან მოლაპარაკებებს, თუმცა ამჟამად ძირითადი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან იმართება“, – თქვა არაღჩიმ.

შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისიდან აშშ-მა და ირანმა დაიწყეს მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ომანის შუამავლობით. ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი წარმოადგენს, ხოლო ირანულს – საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.