გაერთიანებული სამეფო: მიგრანტების წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო რადიკალურ ფორმებს იღებს – „ეს იქნება სამოქალაქო ომი“

15:12, 17.10.2026
საუთჰემპტონში, ჯგუფ „სამხრეთ სანაპიროს პატრიოტების“ მიერ ორგანიზებული მსვლელობის დროს, მომიტინგეებს მოაქვთ ტრანსპარანტი წარწერით: „საცხოვრებლით უზრუნველყავით ბრიტანელები და არა არალეგალი მიგრანტები“. 2026 წლის 3 ოქტომბერი

საუთჰემპტონში, ჯგუფ „სამხრეთ სანაპიროს პატრიოტების“ მიერ ორგანიზებული მსვლელობის დროს, მომიტინგეებს მოაქვთ ტრანსპარანტი წარწერით: „საცხოვრებლით უზრუნველყავით ბრიტანელები და არა არალეგალი მიგრანტები“. 2026 წლის 3 ოქტომბერი


უკვე რამდენიმე თვეა, ბრიტანეთის სანაპიროებზე სულ უფრო ხშირად ჩნდებიან მიგრანტების მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ საპროტესტო დემონსტრაციებით აღარ იფარგლება და ახლა თავად ცდილობს, მიგრანტების გადამყვანი ნავების სანაპიროზე მისვლას შეუშალოს ხელი.

მას შემდეგ, რაც სექტემბრის დასაწყისში, მიგრანტთა გადამყვანი ნავი პორტსმუთის სანაპიროსთან გამოჩნდა, ქალაქის ქუჩებში ასობით აქტივისტი გამოვიდა. ლა-მანშის სრუტის მახლობლად, სულ უფრო მეტი ადამიანი პატრულირებს და მიგრანტების გადამყვანი ნავების შეჩერებას ცდილობს. გამოცემა „გარდიანის“ ჟურნალისტული გამოძიების თანახმად, 2026 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, უკვე, სულ მცირე, 28 ანტიმიგრანტული ჯგუფი ჩამოყალიბდა. ლა-მანშის სანაპიროსთან, საუთჰემპტონში იმ აქტივისტებს შევხვდით, რომლებსაც მოქმედებაზე გადასვლას გეგმავენ.

შეხვედრა ზღვის პირას, ნავსადგომებთანაა დანიშნული. სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდების მიზანია, ამ ადგილზე ინგლისის სამხრეთ სანაპიროს ყველა „პატრიოტი“ შეკრიბოს. „უნდა ვიკოტრიალოთ და ყველაფერს შევეგუოთ, თუ უნდა ავდგეთ და საპასუხო მოქმედება დავიწყოთ? ადექით და წინააღმდეგობა გაუწიეთ!“ – მოუწოდებს შეკრებილებს ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ჯგუფი საკუთარ თავს „მშვიდობიან მოძრაობას“ უწოდებს, თუმცა ზოგიერთი აქტივისტი, ოფიციალური განცხადებების მიღმა, გაცილებით რადიკალურ მოსაზრებებს გამოთქვამს. „ვცდილობთ, ჩვენი სათქმელი ხალხამდე მივიტანოთ. რადგან ქვეყანაში ამდენი არალეგალი მიგრანტი შემოდის, საჭიროა საზღვრებზე კონტროლი გავამკაცროთ. ხომ გესმის, რასაც ვგულისხმობ?“- განმარტავს ერთ-ერთი აქტივისტი.

„პოლიცია არაფერს აკეთებს. თავის მოვალეობას რომ ასრულებდეს, მაშინ ჩვენ დაგვეხმარებოდა, საზღვრებს გაამაგრებდა და მიგრანტებს უკან, სახლებში გააბრუნებდა. შეხედეთ პოლონეთს ან თურქეთს, ისინი ნავებს ცეცხლს უხსნიან. ამიხსენით, რატომ არის ასეთი განსხვავება?“ – კითხულობს მიგრაციის მოწინააღმდეგე ბრიტანელი აქტივისტი.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს მოქმედებას, აქტივისტი პასუხობს: „აბა, მე რა შემიძლია გავაკეთო? მხოლოდ ის, რომ ყველა მიმართულებით გავწიო წინააღმდეგობა, რათა ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო ომი დაიწყება. თუმცა, ის უკვე, ფაქტობრივად, დაწყებულია“.

ზოგიერთი აქტივისტი არც იმას მალავს, რომ მიგრანტების გადამყვანი ნავების უკან გაბრუნება თავადაც უცდია.

„აბა, ფრანგებო, კიდევ რამდენი ფული გჭირდებათ, რომ თუნდაც ერთი ნავი, უბრალოდ, გააჩეროთ და უკან გააბრუნოთ? ეს ხომ რთული არ არის. ამით არავის ვაყენებთ ზიანს. უბრალოდ, ნავს ჩვენს სანაპიროზე არ ვუშვებთ. ვიცი, რომ ეს შესაძლებელია, რადგან თავადაც გამიკეთებია“.

დენი ტომო – საკამათო ლიდერი, რომელიც გმირად შერაცხეს

აქტივისტების ამ მობილიზების უკან ერთი კონკრეტული ფიგურა დგას – დანიელ ტომასი, იგივე დენი ტომო. ის „პატრიოტთა პლატფორმის“ დამფუძნებელია. ეს პლატფორმა მიმდინარე წლის ზაფხულში შეიქმნა და მიგრაციის მოწინააღმდეგე მცირე ჯგუფებს აერთიანებს.

საკუთარ YouTube-არხზე დენი ტომო პროგნოზირებს, რომ „მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში „პატრიოტთა პლატფორმას“ რამდენიმე საათში ერთ კონკრეტულ ადგილას 5 000-დან 10 000-მდე ადამიანის შეკრება შეეძლება“.

ბოლო კვირების განმავლობაში, დენი ტომო სასამართლო დავის ცენტრში მოექცა. 22 სექტემბერს მან ღია ზღვაში გადაიღო ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აზიანებს დანით ლა-მანშის სრუტეში მყოფ ნავს, რომლის ბორტზეც ამ დროს მიგრანტები არ არიან და მხოლოდ მაშველი იმყოფება. ამასთან, ტომი ხმამაღლა ყვირის: „აქ ინგლისია! ეს უკვე საფრანგეთი აღარ არის!“

ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მან პირდაპირ ეთერში საკუთარი დაკავების სცენაც გადაიღო. დენი ტომოს სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ედება ბრალად, თუმცა ის ბრალდებას უარყოფს.

მონპელიეს უნივერსიტეტის სოციოლოგი, მატიას გარდენიე, რომელიც ანტიმიგრაციულ მოძრაობებს შეისწავლის, მიიჩნევს, რომ ასეთ ვიდეოებს კონკრეტული დატვირთვა აქვს: „მათი მიზანია შთამბეჭდავი, სენსაციური კადრების შექმნა. ისინი ამ მიდგომას ბოლომდე მიჰყვებიან“.

„ისინი სისტემატურად ქმნიან შოკისმომგვრელ სიტუაციებსა და კონფლიქტურ დაპირისპირებებს, ცდილობენ, ყოველ ჯერზე უფრო შორს წავიდნენ, რათა ონლაინ აუდიტორიის ინტერესი კიდევ უფრო გააღვივონ“, – განუცხადა მატიას გარდენიემ საინფორმაციო პორტალ „ფრანსინფოს“.

მხარდამჭერები დენი ტომოს გმირად მიიჩნევენ. „დენი ტომოს ასპროცენტიან მხარდაჭერას ვუცხადებ. ის უშუალო მოქმედებაზე გადადის. ჩემი აზრით, ის სრულიად უდანაშაულოა. ის გმირია და არა დამნაშავე“.

ამჟამად დენი ტომო წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მისი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტში გაიმართება. თუმცა, „პატრიოტთა პლატფორმის“ დამფუძნებლის მხარდამჭერები ლა-მანშის სრუტის სანაპიროზე ბრძოლის გაგრძელებას ტომოს გარეშეც აპირებენ.

სტატიის ავტორი: გაელ ჟოლი, საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „რადიო ფრანსე“(Radio France)

ფოტოს ავტორი: ჯასტინ ტალისი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი, 2026 წელი, 10:03 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი