გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ამის შესახებ განცხადება პეტრიაშვილმა ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მისი თქმით, 20 ნოემბერს, 17:00 საათზე პროფკავშირების კულტურის ცენტრში გაიმართება შეხვედრა, სადაც არჩეული პროფკავშირული ლიდერები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ. როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, თუ პროფკავშირული ლიდერები მის პოზიციას არ გაიზიარებენ, მზად არის, თანამდებობა დატოვოს და ბრძოლა განაგრძოს, როგორც რიგითმა მოქალაქემ.

„მე არ მინდა, რომ ამ ორგანიზაციას რაიმე დაბრკოლება შევუქმნა და ხუნდებად დავადო ჩემი პოზიცია. თუ არჩეული პროფკავშირული ლიდერების პოზიცია იქნება განსხვავებული, მე, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ, შემიძლია, გავაგრძელო ეს ბრძოლა და დავტოვო პროფკავშირის ხელმძღვანელის თანამდებობა, რადგან ეს არის მოქალაქეობრივი პოზიცია და ვთვლი, რომ ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს ეს პოზიცია სჭირდება.

თუ მათი პოზიციაც იდენტურია და არის მათში აზრთა სხვადასხვაობა, ბუნებრივია, ისინი ვალდებული არიან, როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად დააფიქსირონ თავიანთი აზრი. სამშაბათს, 17:00 საათზე, პროფკავშირების კულტურის ცენტრში საზოგადოების წინაშე ან წარვდგებით ერთად, როგორც დღევანდელი ბრძოლის მოსაგებად განწყობილი ორგანიზაცია და მხარს დავუჭერთ „ქართული ოცნების“ არჩევანს, რომ მოგვეცეს საშუალება, მოვიდეთ პოლიტიკურ სივრცეში აბსოლუტურად განსხვავებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული დღის წესრიგით. ან როგორც რიგითი მოქალაქე, ბუნებრივია, ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, მოქალაქეებთან და არა პროფკავშირებთან ერთად“, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

მისი თქმით, დღეს ვერავინ დააჯერებს, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის აგენტია.

„დღეს ვერავინ ვერ დამაჯერებს და ნუ დამაჯერებს ვინმე, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის რუსეთის აგენტი. აგენტებს ასეთ განწყობებს არ უქმნიან და საზღვრებს არ წევენ იმ დროს, როცა ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება ხალხის კეთილგანწყობა“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ვიდეომიმართვაში საუბრობს ასევე პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებზე და ამბობს, რომ არც ერთი კანდიდატის რიტორიკა არ იყო სიღარიბის აღმოფხვრასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.

„უმნიშვნელოვანესი საკითხები, პროფესიული განათლება, შრომის უსაფრთხოების კანონები, ასევე საპენსიო რეფორმა იგნორირებულია და სწორედ ეს აძლევს საშუალებას მეორე პოლიტიკურ ჯგუფს პოპულისტური 400 ლარიანი პენსიებს დჰპირდეს მოსახლეობას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მისი ინტერესი არის ქვეყნის წინსვლა და არა უკან წარსულში დაბრუნება.

„გვაქვს თუ არა საშუალება, სასწორზე დადებული პრობლემების მეშვეობით განვსაზღვროთ, სად რა სივრცე გვაქვს დარჩენილი, ვის როგორ წარმოუდგენია, თუ გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, როგორი იქნება ეს ლარის სტაბილურობისთვის, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, ეკონომიკური დოვლათის სამართლიანად გადანაწილებისთვის, როდესაც პრეზიდენტი მოუწოდებს აქციებისკენ, რიგგარეშე არჩევნებისკენ და ა.შ. რევანშიზმით, შურისძიებით ეს ქვეყანა წინ ნამდვილად ვერ წავა.

ჩემი ინტერესები არის მხოლოდდამხოლოდ ამ ქვეყნის წინსვლა და არა უკან დაბრუნება, წარსულში ქექვა, არა ურთიერთბრალდებები. აქ ეს სივრცე „ქართული ოცნების“ შემთხვევაში არის დარჩენილი და ან ესენი მოეგებიან გონს, თუ არადა ყველა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით წარვდგებით საზოგადოების წინაშე. 2020 წელი იძლევა საშუალებას, რომ სწორედ პროფესიონალიზმზე, კომპეტენციასა და პატრიოტიზმზე შეჯერებული პლატფორმით იმართებოდეს პოლიტიკური დებატები და არა ერთმანეთის საცვლების გამოფენით“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ირაკლი პეტრიაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც იდგა გაერთიანებული პროფკავშირები. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ 2006-2012 წლებში არსებული უკმაყოფილება განსხვავებულია იმ უკმაყოფილებისგან, რომელიც 2012 წლიდან დღემდე იყო და, რაც აწუხებდა ორგანიზაციას.

„არ დამავიწყდება, როგორ იდო ექიმების სიები ჯანდაცვის სამინისტროში და როგორ იბარებდნენ ანგარიშს, რომელ საავადმყოფოში იყო გაუქმებული პროფკავშირები. რისთვის? იმისთვის რომ მიზნისთვის მიეღწიათ, რომ 3500-ზე მეტი ექიმი არ დარჩენილიყო ამ ქვეყანაში და ამისთვის იყო საჭირო, რომ საზოგადოებას არ ჰქონოდა ექიმების მიმართ და ისინი ყოფილიყვნენ დისკრედიტებული.

არასოდეს დაგვავიწყდება, რა დაგვემართა ქუთაისში „ჰერკულესთან“ დაკავშირებით, როდესაც ერთი გაფიცვის გამო პროფკავშირული აქტივი დააპატიმრეს, თქვენი მონა მორჩილი კი უცხოელებთან იმალებოდა სახლში იმიტომ, რომ მისი დაპატიმრების სანქციაც იყო გაცემული.

ბუნებრივია, ჩვენს მეხსიერებაში, საჯარო მოხელეების მეხსიერებაში, განსაკუთრებით კახეთში, არის ჩარჩენილი 2010 წლის 14 ივლისს როგორ გამოიყვანეს შვებულებებში მყოფი ხალხი საცვლების ამარა და მიიყვანეს, დააწერინეს განცხადებები პროფკავშირების დატოვებაზე. როგორ დაგვამხეს და დაგვანგრიეს რკინიგზის პროფკავშირები“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, დღესაც არის პრობლემები, მაგრამ არის ასევე წინსვლა, მაგალითად, მოხერხდა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა.

დატოვე კომენტარი