გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდნენ
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდნენ

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა და ზურაბ ხარატიშვილი იმყოფებოდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ოლქის თავმჯდომარე დღეისთვის მათ სხდომის ჩანიშვნას დაპირდა, ამასთან, კითხვები ჰქონდათ უბნებიდან ხვალ თავიანთი დაკვირვებლების შესაძლო გაძევების შესახებ ინფორმაციაზე.

ხატია დეკანოიძის თქმით, მათი მოლოდინი იყო, რომ დღევანდელ სხდომაზე დადგებოდა  81-ე საარჩევნო უბნის მდივნის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც მისივე თქმით, ხელმოწერა გააყალბა.

დეკანიძის შეფასებით,  უბნებში ინფრასტრუქტურის მხრივაც ბევრი პრობლემაა. მან ამის მაგალითად სოფელი ინგირი დაასახელა, სადაც  დეკანოიძის მტკიცებით, მათი კომისიის წევრებს არ აძლევენ შესაძლებლობას, მაგიდები დადგან.

ამასთან, ოპოზიციის წევრები ამბობს, რომ სურთ, ნახონ განკარგულების ოქმი უბნის მოწყობასთან დაკავშირებით.

„ასევე, გვინდა, ვკითხოთ, რატომ არ არის გადამოწმებული გადასატანი ყუთის სიები. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ჩვენი დამკვირვებლების გაძევებას საუბნო საარჩევნო კომისიებიდან,  დარღვევევების შესახებ, რომლებზეც საოლქო კომისიას რეაგირება არ მოუხდენია. დღეს თავმჯდომარეს სხდომა არ ჩაუნიშნავს, გვსურს,  ვუთხრათ პრევენციულად ცესკო-ს წარმომადგენლებს და მოვუწოდოთ თამარ ჟვანიას, ჩამობრძანდეს და თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან საოლქო საარჩევნო კომისიას ყველანაირი ნდობა დაკარგული აქვს“,  – განმარტა ხატია დეკანოიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აცხადებს, რომ სხდომის ჩანიშვნას დღეისთვის არავის დაჰპირებია.

ამასთან, ცესკო-ს წარმომადგენლის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნები კანონის სრული დაცვით ჩატარდება.