გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა ფარული აუდიოჩანაწერი ცესკო-ს გადასცა
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მმართველ პარტიას საარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს და ცესკო-ს და მთავარ პროკურატურას აუდიომასალას გადასცემს. მასალაში კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარესთან სატელეფონო საუბარია ჩაწერილი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აუდიოჩანაწერი გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა მიიტანა.
„ცესკო-ს და პროკურატურას ვაწვდით ჩანაწერებს, რომელიც ასახავს კრწანისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და სხვა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების კავშირს „ქართული ოცნების“ შტაბთან. მტკიცებულებებს წარვადგენთ სრული ჩანაწერების სახით და მოვითხოვთ რეაგირებას“,-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-სა და პროკურატურას რეაგირებას კიდევ ერთ ფაქტზე სთხოვს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები ცდილობენ, საუბნო საარჩევნო კომისიის კონკურსზე ზეგავლენა მოახდინონ.
„ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატს კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელით დაურეკა ადამიანმა და სთხოვა საკონკურსო განცხადება სხვა უბანში შეეტანა. მოკვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ სატელეფონო ნომერს არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ნომერი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ კრწანისის შტაბის მენეჯერის, ქალბატონი მელანო ავალიშვილის. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე. ვითხოვთ, დაკითხონ ეს ადამიანები და მოხდეს რეაგირება”,-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, №04 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილს ცესკო-მ უფლებამოსილება აუდიომასალის მედიით გავრცელების შემდეგ, მისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყვიტა. აღნიშნულის შესახებ განკარგულების მიღების შემდეგ, იმავე სხდომაზე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ფაქტის შესწავლა გაგრძელდება.