ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე დარღვევები ფიქსირდება
ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე დარღვევები ფიქსირდება

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე და შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას არსებულ დარღვევებზე საუბრობენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა სამაგიდო სიებთან, საარჩევნო აკრედიტაციებთან და ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით.

„რიგ საარჩევნო უბნებზე ქაოსი იყო. პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს საქმე დისკრედიტირებულ საოლქო საარჩევნო კომისიასთან და შესაბამისად უბნებს არ აქვთ კონკრეტული მითითებები, თუ რა უნდა გააკეთონ კონკრეტული დარღვევების შემთხვევაში. ამიტომ მოცემული დარღვევები და მათზე რეაგირება ხშირად არაერთგვაროვანი არის. 10:00 საათისთვის არსებულ დარღვევებზე გეტყვით: პირველი არის ის, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომლებიც დარიგებული იყო საუბნო კომისიებისთვის კანონდარღვევით, ხუთი დღით ადრე, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების ხელში.

მეორე ტენდენცია, რომელიც შეინიშნება – ჩვენ პატივს ვცემთ ჟურნალისტურ საქმიანობას, მაგრამ ტელეკომპანია „იმედის“ ბეიჯებით, პირები იმყოფებიან საარჩევნო უბნის ხმის მიცემის ოთახში და ახდენენ ხმის მიცემის გადაღებას ყველა იმ ადამიანის, ვინც უბანზე შემოდის. პრობლემა გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები იმყოფებიან კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრედიტაციის გარეშე, რაც კანონდარღვევაა. ბევრი მათგანი გამოძევების ოქმით გამოძევებულია, თუმცა საოლქო კომისიას მივმართავთ, რომ ამაზე მკაფიო განმარტება გააკეთონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ასევე მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც დაფიქსირებულია მეათე უბანზე, სადაც ადამიანები ასე ღიად საფულიდან გასცემენ კონკრეტულ თანხებს ხმების სანაცვლოდ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილი აქვს ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებსაც.

„გრიგოლ მიქავა, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული და შემდეგ გათავისუფლებული, 29-ე უბანზე პირადად ახორციელებენ ზეწოლას ამომრჩეველზე.

ამის ფოტო მასალა გვაქვს. არსებობს ასევე ვიდეომასალა, სადაც ის „აიტივის“ წარმომადგენლებს ემუქრება, ნახავთ რვა საათის მერე როგორ მოგექცევითო.
ასევე, მურმან მალაზონიას მხრიდან, ეს არის მერიის თანამშრომელი, ის პირდაპირ ახორციელებს ზეწოლას ამომრჩეველზე. ეს მეთერთმეტე უბანზე დგინდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.