გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს
გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

„ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.

​როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება. ამასთან, „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია მასშტაბური აქციის თარიღსაც განსაზღვრავს. მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ, ლიდერები პარლამენტთან მივლენ და გადაწყვეტილებებს აქციის მონაწილეებს გააცნობენ.

„აქციები გაგრძელდება პერმანენტულად, ვიდრე ხელისუფლება არ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ გვაქვს – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დროებითი მთავრობა და ვადამდელი პროპორციული არჩევნები“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რადგან „ხელისუფლებას სხვა ენა არ ესმის“.

„ხელისუფლებას სხვა ენა არ ესმის. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუშინ ჩვენს მიერ გამოცხადებული „გერმანული მოდელი“ დღეს უკვე აქტიური განხილვის ფაზაში იქნებოდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, პაატა დავითაიას განცხადებით, თითქმის ყველა ერთიანია პიკეტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

„მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, რომ აუცილებელია დიალოგის წარმოება და არა ხისტი პოზიციები. სიტუაცია უნდა განიმუხტოს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

გიორგი გუგავას თქმით კი, იქნება აქციებიც, პიკეტირებაც და „ხელისუფლების ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება“.