გაერთიანების შემდეგ სამინისტროების ნაწილს ახალი სახელწოდება ექნება
გაერთიანების შემდეგ სამინისტროების ნაწილს ახალი სახელწოდება ექნება

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონდებლო პაკეტი პარლამენტს დღეს წარედგინება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  მოცულობითია და მასში 150 კანონპროექტია გაერთიანებული.

როგორც მიქელაძემ განმარტა, პარლამენტში ცვლილებები დღეს  დარეგისტრირდება და მისი განხილვა დაჩქარებული წესით ორშაბათიდან, 2 ივლისიდან დაიწყება.

„გაცხადებული ცვლილებების გარდა, ახალ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება სახელწოდებებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდება და იუსტიციის სამინისტროს სახელწოდება უცვლელი დარჩება – იუსტიციის სამინისტრო.

დევნილთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროში ერთიანდება და მისი სახელწოდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იქნება“, – განაცხადა მიქელაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, განათლების სამინისტროს სპორტისა და კულტურის სამინისტრო უერთდება. გაერთიანებული უწყების  სახელწოდება კი, განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო იქნება.

„სახელწოდებები კანონპროექტებში ასეა წარმოდგენილი, მაგრამ განხილვები გაიმართება და არ არის გამორიცხული, სამინისტროების სახელები დამატებით ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.