გაერო-ს მონაცემით, ჩრდილოეთ კორეაში უცხოური ფილმებისა და ტელევიზიის ყურებისთვის სულ უფრო მეტ ადამიანს სჯიან
გაერო-ს მონაცემებით, უცხოური ფილმებისა და ტელევიზიის ყურებისთვის ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით სულ უფრო მეტ ადამიანს სჯიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისმა დაადგინა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მოქალაქეთა ცხოვრების ყველა ასპექტზე კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა.
„დღევანდელ მსოფლიოში არცერთი სხვა მოსახლეობა არ იმყოფება ასეთი შეზღუდვების ქვეშ. წნეხი კიდევ უფრო გავრცელებული გახდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი აცხადებს, რომ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, ჩრდილოეთკორეელები მომავალში კიდევ უფრო „მეტ ტანჯვას, სასტიკ რეპრესიებსა და შიშს დაექვემდებარებიან“.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ანგარიში ეფუძნება ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეიდან 300-ზე მეტი გაქცეული ადამიანის ინტერვიუს, სადაც აღნიშნული პირები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ.
გამოცემა წერს, რომ 2015 წლიდან ჩრდილოეთ კორეაში, მინიმუმ, ექვსი ახალი კანონი ამოქმედდა, რომლებიც უცხო ქვეყნების ფილმების, სატელევიზიო გადაცემების და სხვა მასალების როგორც ყურებას, ასევე გავრცელებას კრძალავს.
„ბიბისი“ წერს, რომ მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ასეთ პირებს საჯაროდ დახვრეტას უსჯიან, რათა მათი მაგალითი სხვებმაც ნახონ.
ამასთან, გამოკითხულები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში საკვების მწვავე კრიზისია და დღეში სამჯერადი კვება „ფუფუნებად“ ითვლება.