გაეროს ლტოლვილთა საბჭო აფრინის რეგიონში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებულია
გაეროს ლტოლვილთა საბჭო აფრინის რეგიონში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებულია

სირიის ჩრდილოეთით, აფრინის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რეგიონი ბოლო ორ თვეში, 48 ათასმა ადამიანმა დატოვა. დევნილების შესახებ ინფორმაცია გაეროს ლტოლვილთა საბჭომ გაავრცელა.

UNHCR შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში – აღმოსავლეთ ღუტასა და აფრინის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, რასაც საერთო ჯამში, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 200 ათასი ადამიანი კი,  აღმოსავლეთ ღუტასა და აფრინში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

აფრინის რეგიონში თურქეთის ხელისუფლებამ სირიელი ქურთების წინააღმდეგ სპეცოპერაცია, სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ 2018 წლის 20 იანვარს დაიწყო. თურქეთსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გართულებას ერთ-ერთ მიზეზად აღნიშნული  ფაქტიც დაემატა. ქურთებს, რომელთაც ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, შეერთებული შტატები წლების განმავლობაში ფინანსურ დახმარებას უწევდა. სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად, სირიელმა და ერაყელმა ქურთებმა თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათ საავიაციო დახმარებას აშშ-ის მიერ ფორმირებული საერთაშორისო კოალიცია უწევდა.

აღმოსავლეთ ღუტაში სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის ავიაციის დახმარებით, მეამბოხეების წინააღმდეგ შეტევას თითქმის ორი თვეა ახორციელებენ, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. აღმოსავლეთ ღუტაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 150-ზე მეტი ბავშვი.

სირიის სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო.