გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი - ქართველმა ხალხმა გაერო-ს განვითარებასა და გლობალურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი - ქართველმა ხალხმა გაერო-ს განვითარებასა და გლობალურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტის თქმით, ქართველმა ხალხმა გაეროს განვითარებასა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ეს განცხადება მიროსლავ ლაიჩეკმა ნიუ იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გააკეთა.

“საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი გაერო-ს წევრობაა. საქართველო გაერო-ს ქარტიას 1992 წელს მიუერთდა, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში გაერო-ს ოფისი გაიხსნა. ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის განვითარებაში. მათი დახმარებით ფორმირდება გაერო-ს ყველაზე მთავარი ორგანოების სამუშაო პროცესი – დაწყებული გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოთი, დამთავრებული გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოთი, ასევე სხვადასხვა პროცესები გაეროს გენერალურ ასამბლეაში”, – განაცხადა ლაიჩეკმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას და კულტურულ ტრადიციებს მსოფლიო აღიარებს. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილ წვლილს.

“ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთის, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკების ოპერაციებში მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვწუხვარ,რომ ბევრი მათგანი სამშობლოში ვერ დაბრუნდა. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მივაგოთ მათ ხსოვნას პატივი”,- განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის დროს მიროსლავ ლაიჩეკმა ისაუბრა შოთა რუსთაველისა და მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე.

“შოთა რუსთაველის XII საუკუნის პოემა “ვეფხისტყაოსანი” შედევრად არის აღიარებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ნაწარმოების ბევრი გზავნილი დღესაც აქტუალურია. მათ შორის გენდერული თანასწორობა, კომპრომისის და მოლაპარაკების მნიშვნელობა..”, – განაცხადა ლაიჩეკმა.

გაერო-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია მოეწყო. შოთა რუსთაველის მარკა გაეროს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა და პოეტის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაერო გამოსცემს შუა საუკუნეებში მოღვაწე პირის სპეციალურ საფოსტო მარკას.