გაერო - ვენესუელაში ევროპის მასშტაბის ლტოლვილთა კრიზისი შეიძლება მივიღოთ
გაერო - ვენესუელაში ევროპის მასშტაბის ლტოლვილთა კრიზისი შეიძლება მივიღოთ

ლათინური ამერიკა მასშტაბური ლტოლვილთა კრიზისის წინაშე დგას, რაც შესაძლოა, უკონტროლო ვითარებაში გადაიზარდოს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება გაეროში, ლტოლვილთა საბჭოში გააკეთეს.

ავტორიტარული მმართველობის შედეგად, ვენესუელაში შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო, ქვეყანა ბოლო ოთხ წელიწადში ოთხ მილიონამდე ადამინმა დატოვა. ამ წუთებში რამდენიმე ათასი ადამიანი პერუს, კოლუმბიისა და ეკვადორის მთავრობებისგან თავშესაფრის მოლოდინშია. ბრაზილიამ ვენესუელასთან საზღვარი ჩაკეტა.

ლტოლვილთა კრიზისის ახალი კერა, რომელიც გაეროში შეშფოთებას იწვევს, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა. მიგრანტთა კრიზისის შესახებ სამიტი ეკვადორში 13 სექტემბერს გაიმართება. სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი დაესწრება.

რუსეთის მოკავშირე ნიკოლას მადუროს ულტრამემარცხენე ავტორიტარულმა რეჟიმმა ნავთობით მდიდარი ქვეყანა ჯერ ეკონომიკურ კრიზისამდე, შემდეგ კი ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა.

დღეს ვენესუელაში მოსახლეობის 87% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმუშევარია. მაღაზიის დახლები დაცარიელდა, საავადმყოფოების ნაწილი დაიხურა, ინფლაციის მაჩვენებელი კი თითქმის 89,000%-ს შეადგენს.