გაერო-სთან აკრედიტებულმა ელჩებმა, თბილისში კულტურული ტურის ფარგლებში, მეტეხისა და სამების ტაძრები დაათვალიერეს
გაერო-სთან აკრედიტებულმა ელჩებმა, თბილისში კულტურული ტურის ფარგლებში, მეტეხისა და სამების ტაძრები დაათვალიერეს

საქართველოს სამუშაო ვიზიტით გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები ეწვივნენ. დღეს ელჩებისთვის კულტურული ტური გაიმართა. ელჩებმა მეტეხისა და სამების ტაძრები დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს ხურვალეთში და წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებენ.

დაგეგმილია ელჩების ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ადგილობრივ მთავრობასთან შეხვედრის გარდა ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს ეწვევიან და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს მოინახულებენ.

გაერო-ში საქართველოს ელჩის, კახა იმნაძის განცხადებით, ვიზიტის მიზანია, ელჩები გაეცნონ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, რეფორმირებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას.

„გაეროს ელჩების ვიზიტი ტრადიციად იქცა. ამ ვიზიტის დროს წარმოდგენილი არის ხოლმე ის სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ სახელმწიფოში საელჩო, შედეგად ინფორმაციის ნაკლებობა შეიძლება, არსებობდეს. ამიტომ, ასეთ ვიზიტებს ვახორციელებთ. ამჯერად ვიზიტში არიან წარმოდგენილი სახელმწიფოები ოკეანეთიდან, აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან. ვიზიტის მიზანია საქართველოს გაცნობა, ვაჩვენოთ მათ ჩვენი წარმატებები და ის, რითაც საქართველომ შეიძლება მათაც გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს როგორც მოდელმა სახელმწიფომ“,- განაცხადა კახა იმნაძემ.

გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტი 21 აპრილამდე გაგრძელდება.