გაერო - სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ISIS-ის 30 ათასამდე წევრი რჩება
გაერო - სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ISIS-ის 30 ათასამდე წევრი რჩება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ტერორისტული დაჯგუფების, თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს შესახებ კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად ჯიჰადის მიმდევრების დამარცხებისა, სირიის და ერაყის ტერიტორიაზე, თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს, იგივე დაეშის 30 ათასამდე წევრი რჩება, რომლებიც იმალებიან. მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა არაბული და ევროპული ქვეყნების, ასევე რუსეთის მოქალაქეა.

დაეშის საბოლოო ნგრევა ერაყსა და სირიაში 2017 წელს, ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის – რაყას და მოსულის გათავისუფლებით დაიწყო. აშშ-ის მიერ დაარსებული საერთაშორისო კოალიციის, სირიის დემოკრატიული ძალებისა და ერაყის ჯარის გარდა, ჯიჰადისტების განადგურებაში გადამწყვეტი როლი ქურთმა მებრძოლებმა შეასრულეს, მათ შორის ქალებმა. სირიის დემოკრატიული ძალებისა და „ფეშმერგას“ რიგებში 500-ზე მეტი ქალი იბრძვის, რომლებსაც „სიკვდილის ანგელოზებს“ უწოდებენ.

ერაყის ორი ქალაქის, ბაშიქასა და ჰამამ ალ-ალილის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების შემდეგ, 2016 წლის ნოემბერში ერაყელი და ქურთი მებრძოლები ტიგროსისპირა მოსულის საზღვრებს მიადგნენ. ცხრათვიანი ომი მოსულში ერაყის ჯარისა და ქურთული სამხედრო გაერთიანება „ფეშმერგას“ გამარჯვებით დასრულდა. ნანგრევებად ქცეული ქალაქის ცენტრში ალყაში მოქცეულმა ჯიჰადისტებმა მოწინააღმდეგეების განადგურების მიზნით ალ ნურის 8-საუკუნოვანი მეჩეთი ააფეთქეს – მეჩეთი, სადაც 2014 წელს დაეშის სულიერმა ლიდერმა ალ ბაღდადიმ თავი ხალიფად გამოაცხადა. დაეშის გადარჩენილი წევრების ნაწილი ერაყის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ჩაბარდნენ, ნაწილი კი მიიმალა. მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია, თუმცა გაერო-ს ახალი ანგარიში ადასტურებს, რომ 30 ათასი ადამიანი დღესაც სირია-ერაყის ტერიტორიაზე იმყოფება.

თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფო“ სირიის დემოკრატიულმა ძალებმა და ქურთმა მებრძოლებმა, შეერთებული შტატების დახმარებით, სირიის ქალაქ რაყადან 2017 წლის ნოემბერში განდევნეს. რაყა თვითგამოცხადებული სახალიფოს დედაქალაქად მოიაზრებოდა. მოგვიანებით, დაეშის ორი უკანასკნელი საყრდენი პუნქტი – ერაყში ალ ყაიმი და სირიაში აბუ ქამალიც დაეცა. ერაყელმა, სირიელმა და ქურთმა მებრძოლებმა შავი დროშები თეთრი წარწერებით ყველა იმ ქალაქში დაწვეს, სადაც დაეშის მმართველობის ხანაში ასიათასობით მოქალაქე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. დაეშის ახლა უკვე ყოფილი წევრების დიდი ნაწილი ერაყის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განაჩენის მოლოდინშია. მათი ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე სიკვდილით დასაჯეს. ერაყის მთავრობის გადაწყვეტილებით, დანარჩენებსაც იგივე სასჯელი ემუქრება.