გაერო-ში ვარაუდობენ, რომ ესკალატორი, რომლითაც დონალდ და მელანია ტრამპები ადიოდნენ, შემთხვევით დონალდ ტრამპის ვიდეოოპერატორმა გააჩერა [ვიდეო]

გაერო-ში ვარაუდობენ, რომ ესკალატორი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ადიოდნენ, შემთხვევით დონალდ ტრამპის ვიდეოოპერატორმა გააჩერა.

გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის ინფორმაციით, ესკალატორის ცენტრალური პროცესორის მონაცემები აჩვენებს, რომ ის უსაფრთხოების მექანიზმის ამოქმედების გამო გაჩერდა.

დიუჟარიკის თქმით, ამ დროს დონალდ ტრამპის ვიდეოოპერატორი ესკალატორზე ზურგით ადიოდა, რათა აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მისვლა გადაეღო.

„ვიდეოოპერატორმა, შესაძლოა, უნებლიეთ გააქტიურა უსაფრთხოების ფუნქცია“, – აღნიშნა დიუჟარიკმა.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ესკალატორთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ იხუმრა, როცა აღნიშნა, რომ გაერო-ს ტელესუფლიორი არ მუშაობდა.

„გაერო-სგან ორი რამე მივიღე: ცუდი ესკალატორი და ცუდი ტელესუფლიორი“,  – იხუმრა ტრამპმა.

მოგვიანებით ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა, რომელმაც გამოძიება მოითხოვა.

„ვინმემ გაერო-ში თუ გამიზნულად გააჩერა ესკალატორი, როდესაც მასზე პრეზიდენტი და პირველი ლედი დადგნენ, ისინი სამსახურიდან უნდა გათავისუფლდნენ და მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული“, – დაწერა ლევიტმა სოციალურ ქსელში.