გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი – სირცხვილია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ დღემდე ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად 

09:42, 25.08.2026

გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომს საბოლოოდ წააგებს.

მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკა სამხედრო ხარჯების, სანქციებისა და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების გამო სულ უფრო სუსტდება.

„უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ბარბაროსული თავდასხმის მიუხედავად, რუსეთი უკვე აგებს და საბოლოოდ წააგებს ამ ომს.რუსეთის ეკონომიკა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე რთულ პერიოდს გადის“, – განაცხადა მელნიკმა.

მისი თქმით, რუსეთს ომის გაგრძელება აღარ შეუძლია, რადგან მისი დანაკარგები სამხედროების ახალი ნაკადის შევსების ტემპს აღემატება, მაშინ როდესაც ფინანსური და მატერიალური ხარჯები იზრდება.

„კრემლი გაზვიადებულად წარმოაჩენს თავის ტაქტიკურ წარმატებებს, რათა შექმნას უწყვეტი სამხედრო გამარჯვებების შთაბეჭდილება“, – აღნიშნა მელნიკმა.

ამასთან, უკრაინის წარმომადგენელმა მკაცრად გააკრიტიკა გაერო-ს უშიშროების საბჭო რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიუღებლობის გამო და პარტნიორებს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა.

„სირცხვილია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ დღემდე ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და უკრაინელი ხალხის ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ მიმდინარეობს“, – განაცხადა მელნიკმა.

მისი თქმით, რუსეთმა შეგნებულად წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური ტერორის კამპანია.

„იცოდა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტების კრიტიკული დეფიციტი აქვს, პუტინმა თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცინიკური და სასტიკი ბალისტიკური ტერორის კამპანია წამოიწყო და მიზანმიმართულად ურტყამს ჩვეულებრივ ადამიანებს მთელი უკრაინის მასშტაბით. ყველაფერი, რისი გაკეთებაც საერთაშორისო საზოგადოებას თითქოს შეუძლია, არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და, საუკეთესო შემთხვევაში, იმ სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაგმობა, რომლებსაც რუსეთი უზარმაზარი მასშტაბით სჩადის“, – აღნიშნა მელნიკმა.

მელნიკმა საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოუწოდა, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მტკივნეული და მასშტაბური სანქციების“ დაწესებისკენ.

მისი თქმით, სანქციები, პირველ რიგში, იმ საწარმოებს უნდა შეეხოს, რომლებიც მომაკვდინებელ იარაღს აწარმოებენ.

„ჩემს თანამოქალაქეებს უჭირთ იმის გაგება, რატომ ინახება რაკეტები, რომლებსაც ყოველდღიურად ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ, საწყობებში, ნაცვლად იმისა, რომ ისინი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად გამოიყენონ“, – აღნიშნა მელნიკმა.

მსგავსი