გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე კიბერუსაფრთხოების თემაზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე კიბერუსაფრთხოების თემაზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს არია ფორმულის შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოება, კონფლიქტების პრევენცია და შესაძლებლობების ამაღლება. კახა იმნაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გასული ათი წლის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებზე, რაც მოიცავს პასუხისმგებლიანი, ეთიკური, უსაფრთხო და სანდო კიბერსფეროს ჩამოყალიბებას და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნას.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ, მიუხედავად აღნიშნული ზომებისა, საქართველო გახდა რუსეთის ჰიბრიდული კიბერაგრესიის მსხვერპლი.

„2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, სამხედრო ოპერაციის პარალელურად ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ განხორციელებული მასიური კიბერთავდასხმის პირველი პრეცედენტი. თუ იმ წლებში ეს თავდასხმები თითქოსდა ერთგვარ შემთხვევით/სპორადულ ხასიათს ატარებდა, გასულ პერიოდში მსგავსი ქმედებები რუსეთის ქცევის დამკვიდრებულ წესად იქცა და ინციდენტების სია საკმაოდ ვრცელია. ჯერ კიდევ გასულ წლის 28 ოქტომბერს, ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოების, მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო ორგანოების, კერძო ორგანიზაციებისა და მედიის ვებგვერდების, სერვერებისა და სხვა ოპერატიული სისტემების წინააღმდეგ. თავდასხმა მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეებისა და სამთავრობო სტრუქტურებისათვის ზიანის მოტანას, სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირებისა და მუშაობის ხელის შეშლის გზით. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ თავდასხმა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს მიერ“, – განაცხადა იმნაძემ.

მან დაგმო ხსენებული თავდასხმები და განაცხადა, რომ აღნიშნული წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევას, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების ხელის შეშლის მცდელობებს.

კახა იმნაძემ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით მეტი ყურადღება მიექცეს რუსეთის ქცევას, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ.