გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი - ისრაელს არ აქვს თავდაცვის უფლება მიმდინარე კონფლიქტში, რადგან ის არის ოკუპანტი სახელმწიფო
ისრაელს არ აქვს თავდაცვის უფლება მიმდინარე კონფლიქტში, რადგან ის არის ოკუპანტი სახელმწიფო, – ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა.
ნებენზიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აღიარებს ისრაელის უფლებას, უზრუნველყოს უსაფრთხოება, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სრულად გარანტირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება პალესტინის პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე.
„მე ასევე არ შემიძლია, არ შევჩერდე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების თვალთმაქცობაზე, რომლებიც სხვა, სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში მოითხოვენ ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას, ქმნიან საგამოძიებო კომისიებს, აწესებენ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც რეალურად იყენებს ძალას, როგორც უკანასკნელ საშუალებას მრავალწლიანი ძალადობის შესაჩერებლად… ჩვენ არ უარვყოფთ ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის უფლებას, მაგრამ ებრძოლეთ ტერორისტებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ თვითონ დაიჭერთ ბოროტების მხარეს და იმოქმედებთ იმავე მეთოდებით. ებრაელმა ხალხმა, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში განიცდიდა დევნას, უნდა გააცნობიეროს, რომ რიგითი მცხოვრებლების ტანჯვა, უდანაშაულოების სიკვდილი ბრმა სისხლიანი შურისძიების გამო არ დაეხმარება სამართლიანობის აღდგენას, გარდაცვლილთა გაცოცხლებას და მათი ოჯახების ნუგეშისცემას. ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი იზიარებენ ადამიანის სიცოცხლის ღირებულებას, რომელიც ღმერთს ეკუთვნის და რომლის წართმევის უფლება არავის აქვს“, – განაცხადა ვასილი ნებენზიამ.