გაერო-ში ელოდებიან, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება ხვალიდან განახლდება
გაერო-ში ელოდებიან, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება ხვალიდან განახლდება

გაერო-ს ცნობით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება ხვალიდან უნდა განახლდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც მარცვლეული ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივის გაერო-ს კოორდინატორმა, ამირ აბდულამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“დაწერა, გაერო ელოდება, რომ დატვირთული გემები ხუთშაბათს გაემგზავრებიან.

ამასთან, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა, რომ 3 ნოემბერს მარცვლეულის საექსპორტო დერეფნით სოფლის მეურნეობის პროდუქტით დატვირთული რვა გემის გასვლას ელოდებიან. კუბრაკოვის თქმით, უკრაინულმა მხარემ შესაბამისი დასტური გაერო-სგან მიიღო.

პირველ ნოემბერს გაერო, თურქეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით ერთი დღით შეეჩერებინათ, რადგან რუსეთმა განაცხადა, რომ მარშრუტის უსაფრთხოების პირობები „მიუღებელი“ გახდა. მანამდე, გასულ შაბათს, მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. თუმცა შეთანხმების დარჩენილი სამი მონაწილე შავი ზღვის გავლით გემების გაგზავნას განაგრძობდა და ამასთან, მოსკოვს ატყობინებდნენ ხომალდების გადაადგილების შესახებ. კიევმა და რუსეთმა თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით, შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება ივლისში გააფორმეს.