გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის მუდმივი წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ქვეყნის, როგორც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს პოზიცია შეუქცევადია

09:52, 15.09.2025

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩრდილოეთ კორეის მუდმივი წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ქვეყნის, როგორც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს პოზიცია შეუქცევადია.

როგორც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, ოფიციალური ფხენიანი აშშ-ის „ანაქრონისტულ“ პრეტენზიებს გმობს.

„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც მუდმივად იყო მითითებული სახელმწიფოს უზენაეს და ძირითად კანონში, შეუქცევადი გახდა“, – განაცხადა გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის მუდმივმა წარმომადგენლობამ.

როგორც „როიტერი“ წერს, ბირთვული განიარაღების შესახებ აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის არაერთი მოწოდებისა და კრიტიკის მიუხედავად, ფხენიანი აცხადებს, რომ თავის ბირთვულ იარაღს დაიცავს.

იქამდე კი „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთის საზღვართან ახლოს საიდუმლო სარაკეტო ბაზა ააშენა, სადაც ქვეყნის ყველა თანამედროვე სტრატეგიული იარაღია განლაგებული. გამოცემის ცნობით, ეს რაკეტები პოტენციურ ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენს აღმოსავლეთ აზიისა და შეერთებული შტატებისთვის.

მსგავსი