გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელი - ჩინეთი „თალიბანისგან“ ელოდება ვალდებულებების შესრულებას ავღანეთში ახალი, ღია და ინკლუზიური მთავრობის შექმნის თაობაზე
ჩინეთი „თალიბანისგან“ ელოდება ვალდებულებების შესრულებას ავღანეთში ახალი, ღია და ინკლუზიური მთავრობის შექმნის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ გაერო-ში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, გენ შუანმა ავღანეთის საკითხზე გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ავღანეთის მომავალი ამჟამად ისტორიულ გზაჯვარედინზეა. ჩინეთმა მოისმინა „თალიბანის“ გუშინდელი განცხადება, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია და ეს ორგანიზაცია აპირებს, დაიწყოს მოლაპარაკებები ღია, ინკლუზიური ისლამური მთავრობის ჩამოყალიბებაზე და მიიღო საპასუხისმგებლო ზომები ავღანეთის მოქალაქეებისა და ქვეყანაში უცხოური მისიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩინეთი ამ აღებული ვალდებულებების შესრულებას მოელის“, – განაცხადა გენ შუანმა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა მხარისთვის უმნიშვნელოვანესია, შეწყდეს სისხლისღვრა და ავღანეთიდან ლტოლვილთა ფართომასშტაბიანი ნაკადების გადინება.
„იმედი გვაქვს, რომ „თალიბანი“ გაერთიანდება ავღანეთის ყველა მხარესთან და ეთნიკურ ჯგუფთან, რათა შეიქმნას ფართო და ინკლუზიური პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც დააკმაყოფილებს სახელმწიფოს პირობებს და ჩაუყრის საფუძველს მდგრადი მშვიდობის მიღწევას“, – დაამატა გენ შუანმა.
მისივე თქმით, ჩინეთი „თალიბანისგან“ მოელის, რომ ის შეასრულებს თავის ვალდებულებებს და ჩამოშორდება ავღანეთში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს.
დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.