გაერო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელი - გენერალურმა ასამბლეამ უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილები არ დავიწყებია
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უნდა აღნიშნოს, რომ არ დავიწყებია დევნილები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და განაგრძობს მოწოდებას მათ სახლებში დასაბრუნებლად, – განაცხადა გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და რუსეთის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები.
გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომელიც პირდაპირ აბრკოლებს იძულებით გადაადგილებული პირების სახლებში დაბრუნებაზე, რაც გულისხმობს, როგორც დამცირებას, მათი საცხოვრებელი სახლების განადგურებას, ასევე ღობეებისა და ბარიერების მშენებლობას, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფლად გადაადგილებისთვის ხელის შეშლას, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. გაერთიანებული სამეფო ასევე მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე ყველა მხარეს, გამოიყენონ აღნიშნული პლატფორმა, როგორც ჰუმანიტარული საკითხების განსახილველი ფორმატი.
„საქართველოში, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა ოთხ მილიონზე ნაკლებია, იძულებით გადაადგილებული პირები მილიონის მეოთხედს შეადგენენ. ბევრი ადამიანი ცხოვრობს რთულ და დაუცველ პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გაგზავნოს შეტყობინება, რომ მას არ დავიწყებია ეს ხალხი და განაგრძობს მოწოდებას მათ სახლებში დასაბრუნებლად“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა.
გაერთიანებული სამეფო მიესალმება საქართველოს მთავრობის მუშაობას იძულებით გადაადგილებულ პირთა ვითარების გაუმჯობესებისთვის, ასევე, რეგულარულ ანგარიშებს, სადაც დოკუმენტირებულია აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთში“ ადამიანის უფლებების შესახებ ვითარება, როგორ საქართველოს მთავრობის, ასევე საქართველოს ომბუდსმენის მიერ.