გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, ამერიკას არ ჰქონია წინასწარი ინფორმაცია სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით
გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, ამერიკას არ ჰქონია წინასწარი ინფორმაცია სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, ამერიკას არ ჰქონია წინასწარი ინფორმაცია სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

როგორც რობერტ ვუდმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ირანმა და მისმა პარტნიორმა ჯგუფებმა თავიდან უნდა აირიდონ რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია.

„ტერორისტები და სხვა შეიარაღებული ჯგუფები, რომელთაგან ზოგიერთს მხარს უჭერენ სირიის რეჟიმი და ირანი, სირიის ტერიტორიას ისრაელსა და აშშ-ის ობიექტებზე, ასევე პერსონალზე თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდნენ. ჩვენ არ მოვერიდებით, დავიცვათ ჩვენი პერსონალი და გავიმეოროთ გაფრთხილებები ირანისა და მისი მარიონეტების მიმართ, რომ არ ისარგებლონ ვითარებით. დიპლომატიური დაწესებულების საკუთრებაზე ნებისმიერი თავდასხმა გამოიწვევს შეშფოთებას შეერთებული შტატებისთვის. დიპლომატიური მისიები და მათი ქონება, ისევე როგორც ოფიციალური დიპლომატიური რეზიდენციები დაცული უნდა იყოს, განსაკუთრებით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს“, – განაცხადა რობერტ ვუდმა.

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა ისრაელის მხრიდან ღაზაში საჰაერო თავდასხმას, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა. რობერტ ვუდის განცხადებით, ინციდენტი არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ ისრაელმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ობიექტებისა და მათი პერსონალის დასაცავად.

ამასთან, გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა, ზაჰრა ერშადიმ ისრაელი გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის, ასევე დიპლომატიური და საკონსულო შენობების ხელშეუხებლობის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

„ირანი იტოვებს თავის ლეგიტიმურ უფლებას, საერთაშორისო სამართლისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების გათვალისწინებით, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს მსგავს ქმედებებზე“, – განაცხადა ზაჰრა ერშადიმ.

მისივე თქმით, ისრაელის ყველა დანაშაულზე ამერიკის შეერთებული შტატებია პასუხისმგებელი.

„ირანი არასოდეს ცდილობს რეგიონში კონფლიქტის გავრცელებაში წვლილის შეტანას და არც დაძაბულობის ესკალაცია სურს. შეერთებული შტატები ცდილობს, ბოროტად გამოიყენოს ეს ვითარება სირიასა და რეგიონში დესტაბილიზაციისთვის. შეერთებული შტატებია პასუხისმგებელი ისრაელის რეჟიმის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე“, – განაცხადა გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა.

ერშადიმ მოუწოდა უშიშროების საბჭოს, დაგმოს სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმა.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პირველ აპრილს სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოში, ირანის საელჩოს საკონსულოზე, რის შედეგადაც დაიღუპა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი გენერალი და სამხედრო მრჩეველი.