გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი – რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, მხარეებს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ
გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დენ ნეგრეას განცხადებით, აშშ კიდევ ერთხელ იზიარებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას, რომ ორივე მხარემ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად.
„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს ვუერთდებით და კვლავ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისა და კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისკენ, რათა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი და ორივე ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაბრუნდეს“, – განაცხადა ნეგრეამ.
ნეგრეამ აღნიშნა, რომ ყოველ ახალ დარტყმასთან ერთად დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.
„უაზრობაა უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრის გაგრძელება მაშინ, როდესაც ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ. შეერთებული შტატები მზად იქნება, ნებისმიერი კონსტრუქციული როლი შეასრულოს მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა ნეგრეამ.
ამასთან, გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთს ულტიმატუმებისა და მუქარის ენით ესაუბრებიან და ადგილზე არსებულ ვითარებას უგულებელყოფენ, „შინაარსიანი პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგისთვის საფუძველი არ იქნება“.
„არავითარი შეთანხმება არ იქნება რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე. ცეცხლის შეწყვეტის სახით კონფლიქტის გაყინვის ნებისმიერი მცდელობა, რომელიც რეალურად კიევს გადაჯგუფებისა და შეიარაღებისთვის დროის მიცემას ემსახურება, განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა ნებენზიამ.