გაერო-ში აშშ-ის ელჩი - რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით მოითხოვა
რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით მოითხოვა, – ამის შესახებ განცხადება გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრიფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სხდომა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით გაიმართა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიების ქსელი მდებარეობდა, სადაც საშიში დაავადებების პათოგენების გაძლიერება ხდებოდა. კიევსა და აშშ-ში ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ რუსეთი ამ გამოგონილ საბაბს სავარაუდოდ მომავალში დაგეგემილი ქმედებების გასამართლებლად გამოიყენებს. პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.
„თქვენ უკვე მოისმინეთ, რომ გაერო-ს არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში რაიმე სახის ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის პროგრამის არსებობის შესახებ. გასულ თვეში აშშ-ის სახელმწფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტრაგიკული სიზუსტით დაასახელა ის, რასაც რუსეთი აპირებდა. მან თქვა, რომ რუსეთ მოამზადებდა საბაბს უკრაინაზე თავდასხმისთვის და ასევე გაგვაფრთხილა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მოახდინოს უკრაინის მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ფაბრიკაცია, რათა გაამართლოს თავდასხმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. დღეს მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთი აკეთებს სწორედ იმას, რის შესახებაც ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით. რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს გაერო-ს უშიშროების საბჭო, რათა მოახდინოს დეზინფორმაციის ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ლინდა ტომას-გრიფილდმა
მისივე თქმით, უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის პროგრამა და ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომელსაც აშშ-ის მხარს უჭერს არც უკრაინაში და არც რუსეთის საზღვრებთან და საერთოდ არსად არ არის.
როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც აგრძელებს ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო კანონის დარღვევით.
„არსებობს დოკუმენტებით დამტკიცებული ფაქტები, რომ რუსეთმა წარსულში გამოიყენა ქიმიური იარაღი, რუსეთია აქ აგრესორი“, – განაცხადა ლინდა ტომას-გრინფილდმა.