გაერო-ში აცხადებენ, რომ შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს გავლენა აქვს უკრაინის მიღმაც და უკვე ხედავენ ნეგატიურ ეფექტს გლობალურ ფასებზე
გაერო-ში აცხადებენ, რომ შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს გავლენა აქვს უკრაინის მიღმაც და უკვე ხედავენ ნეგატიურ ეფექტს გლობალურ ფასებზე

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინის შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს გმობს. გუტერეშმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება შეიძლება იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა.

ამასთან, გაერო-ს სპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს ასევე გავლენა აქვს უკრაინის მიღმა.

„ჩვენ უკვე ვხედავთ ნეგატიურ ეფექტს ხორბლისა და სიმინდის გლობალურ ფასებზე, რაც აზიანებს ყველას, განსაკუთრებით კი დაუცველ ადამიანებს გლობალურ სამხრეთში“, – განაცხადა გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.

დუჟარიკმა ასევე აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი არ დათმობს ძალისხმევას, უზრუნველყოს უკრაინული და რუსული საკვების, სასუქების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა.

„ეს არის მისი მუდმივი ძალისხმევის ნაწილი გლობალური შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისა და სურსათზე სტაბილური ფასების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა დუჟარიკმა.